მანკიერი წრე, რომელიც უნდა გაირღვეს
ნათია მესტვირიშვილი, „CRRC-საქართველოს“ მოწვეული უფროსი მკვლევარი
დღეს მსოფლიოში ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბავშვები მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ. თუმცა საქართველოს მოსახლეობის აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქვეყნის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენები აღზრდის სწორ მეთოდებზე არცთუ ისე იშვიათად წინააღმდეგობაში მოდის როგორც მსოფლიოში აღიარებულ ბავშვთა უფლებებთან, ასევე პოზიტიური აღზრდის საყოველთაოდ მიღებულ პრაქტიკასთან.
„CRRC-საქართველომ“ 29-30 მაისს სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას მიმართა შეკითხვებით - რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მშობელმა შვილისთვის უნდა გააკეთოს? და ბავშვის აღზრდის რა მეთოდებია მათთვის მისაღები?
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა შვილისთვის განათლების მიცემას და მასზე ზრუნვას ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ეს უკანასკნელი ბევრს არაფერს გვეუბნება, რადგან შვილზე ზრუნვა ზოგადი ცნებაა და ადამიანებს ის სხვადასხვანაირად ესმით.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობა უფრო მნიშვნელოვნად ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებას, მის გამოკვებას და მისთვის მიმართულების მიცემას მიიჩნევს, ვიდრე ბავშვის სიყვარულს, პატივისცემას და მასთან ერთად დროის გატარებას, რაც გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის პოზიტიური აღზრდის პრინციპებთან.
ბავშვის დასჯაზე ქართული საზოგადოების შეხედულებები ასევე ეწინააღმდეგება პოზიტიური აღზრდის პრინციპებს. ამჟამად დასჯის თითქმის ყველა ფორმა პედაგოგიური თვალსაზრისით მიუღებლად ითვლება. განსაკუთრებით დაუშვებელია ბავშვის ფიზიკური დასჯა, ყვირილი და შეურაცხმყოფელი სიტყვების დაძახება, რადგან ასეთი ტიპის დასჯა პატარას მნიშვნელოვან ემოციურ და ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს. მსგავსი მიდგომა ბავშვში ხანმოკლე პერიოდში დანაშაულის, უმწეობის, შიშის, ბრაზის და სხვა მრავალ უარყოფით განცდას იწვევს; გრძელვადიანად კი პესიმიზმის, კონცენტრაციის უუნარობის, აგრესიის, ჰიპერაქტიურობის ან დაბალი თვითშეფასების მოტანა შეუძლია.
თუმცა, CRRC-ის კვლევის მიხედვით, ყოველი მეოთხე ქართველი ყვირილს ბავშვის აღზრდის მისაღებ ფორმად მიიჩნევს, ხოლო ყოველი მეხუთე თვლის, რომ ხელით უკანალზე წამორტყმა გამართლებულია. უფრო მძიმე სურათო იხატება UNICEF-ის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში საზოგადოების 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და 60% ფიქრობს, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები.
საქართველოში სჯერათ, რომ ყველა ბავშვი საუკეთესოს იმსახურებს. მაგრამ სახელმწიფოს და საზოგადოებას ჯერ კიდევ ნაკლებად ესმის, თუ რა არის ბავშვებისთვის საუკეთესო. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ხელს უშლის პატარებს, ჩამოყალიბდნენ ლაღ, თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანებად და გაარღვიონ ის მანკიერი წრე, რომელიც საქართველოში სიღარიბეს, განათლების დაბალ დონეს და ძალადობას შორის არსებობს.