მანქანა ჩვენი არსობისა: რა უნდა ქნას ქვეითმა თბილისში?
როგორც თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებისგან გახდა ცნობილი, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აღდგება. იგეგმება ესტაკადის მშენებლობაც. მერის განცხადებით, პროექტის ფარგლებში შენარჩუნდება არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნაქალაქარი და იგი ქალაქის იერ-სახეზე უარყოფით გავლენას არ იქონიებს. "ორზოლიანი მოძრაობა აღდგება. მოძრაობა ერთიდაიგივე დონეზე იქნება, როგორც ქვემოდან ზემოთ, ასევე ზემოდან ქვემოთ. ქალაქის იერსახეზე ეს უარყოფით გავლენას არ იქონიებს. აღმოჩენილი გათხრები იქნება შენარჩუნებული, ის ვიზიტორებისთვის მოსახერხებელი და მიმზიდველი იქნება“ – აცხადებს თბილისის მერი.. პროექტის მომხრე ექსპერტების აზრით, ამჟამად მოძრაობა დისფუნქციურია და ჩამოყალიბებული სატრანსპორტო ქსელის ნაწილი მოშლილია. მათი აზრით, დღეს ქალაქის ცენტრალური ნაწილი მეორე სანაპიროს მოწყვეტილია და მთელი ნაკადები მაჩაბელი-ასათიანის ვიწრო ქუჩებზე ხორციელდება. სავარაუდოდ, მიწისქვეშა სივრცე გზის ქვეშ შენარჩუნდება, ხოლო კედელი დარჩება ისე, რომ ფეხით მოსიარულეები ჩავლენ და მიწისქვეშა გადასასვლელებით ისარგებლებენ. მერიის ყველაზე მთავარი არგუმენტის თანახმად, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა საცობებისგან განტვირთავს დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს. თბილისის ჰამქარის წარმომადგენლის განცხადებით, ესტაკადის გახსნა ემსახურება პანორამა-თბილისის (ცეკავშირის) პროექტს და ეწინააღმდეგებიან ორმხრივი გზის აღდგენას. ყველასთვის ნათელია, რომ ახალი ესტაკადა ერთმნიშვნელოვნად მიებმება პანორამას მშენებლობის პროცესში ჩართულ ტრანსპორტზე და ეს ისედაც გადატვირთული მონაკვეთი ახალი მანქანების, მათ შორის, სატვირთოს მოძრაობის ერთ-ერთ არტერიად იქცევა.
საცობების პრობლემის მოგვარება ახალი ავტომაგისტრალების, ესტაკადების აშენებით ქალაქის ცენტრში ხაფანგია, რომელშიც მსოფლიოს უამრავი ქალაქი მოქცეულა და ყველა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულებულა. შედეგად წყალში ასეულობით მილიონი გადაყრილა და საცობებისა თუ სხვა ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები არ მოგვარებულა.
პუშკინის ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა, სადაც ფეხით მოსიარულეების ფართო ტროტუარს მანქანების სავალ ნაწილზე დიდი ადგილი უჭირავს და ისინი არ ბატონობენ ქვეითზე. ამან გამოიწვია აღნიშნულ ადგილზე მცირე ბიზნესის განვითარება. ცნობილია, რომ მანქანა ყველგან მივა, თუ არ შეზღუდე. ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში ესტაკადის გაკეთება დღეს გამოცოცხლებულ მცირე ბიზნესს ჩაახშობს, ახალი კაფეები არ გაკეთდება და რაც არის ისიც დაიხურება.
თბილისში თითზე ჩამოსათვლელია ღია საზოგადოებრივი სივრცეები, ამასთან, ჩვენთან ფეხით მოსიარულეების დიდი ნაწილი არ სარგებლობს მიწისქვეშა გადასასვლელებით და დიდი ალბათობით, მათ არ მოუნდებათ ახალი ხიდის ქვეშ სიარულიც. ეს ორმხრივი კი არა, ოთხზოლიანი მოძრაობაა და მერია ქალაქის ცენტრში ქვეითებს ისევ მიწისქვეშ ეპატიჟება. ახალი ესტაკადის მშენებლობა ქალაქის მერიას 4 მილიონი ლარი უჯდება. ამ ფულით უამრავი ახალი საპარკინგე ადგილის აშენება შეიძლება ისე, რომ ქალაქიც ამოისუნთქავდა და უამრავი ავტომანქანის მფლობელი უარს იტყოდა ტროტუარზე და სავალ ნაწილზე პარკინგისგან.
ყველა თანამედროვე ქალაქი, ცენტრალურ ადგილებში ფეხით მოსიარულეების წასახალისებლად, უსაფრთხოების კუნძულებს ქმნის, მანქანისთვის სივრცის შეკვეცას და პარკინგის მაღალ გადასახადს აწესებს, რათა გააკონტროლოს მანქანების ნაკადი, სიჩქარე ურბანულ ზონაში და წაახალისოს ფეხითა თუ ველოსიპედით გადაადგილება. ჩვენ ისევ 60-იანი წლებში გაბატონებული ქალაქების დაგეგმარების გზით მივდივართ, როცა მანქანებზე ორიენტირებული პოლიტიკა ქუჩებიდან ფეხით მოსიარულეების განდევნას იწვევს და ქალაქურ ცხოვრებას კლავს. ჩვენს ქალაქში მხოლოდ მანქანებზე მორგებული მოძრაობა, განსაკუთრებით, რაც რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე ხდება, არაჰუმანური სივრცის შექმნის მიზეზია და ახალი ესტაკადის მშენებლობა კიდევ უფრო გაზრდის ამ გაუცხოებას.
თუ ჩვენ ქალაქებს დავგეგმავთ მანქანებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის, შედეგად მივიღებთ მანქანებს და ინფრასტრუქტურას, ჰაერის ხარისხის დაბინძურებას, მომატებულ ტრავმებს გზებზე და, რაც მთავარია, ქუჩებში ნაკლებად მოსეირნე ადამიანებს.
რამდენიმე წლის წინ ირლანდიურმა კომპანიამ წარმოადგინა პუშკინის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიებზე ველობილიკების განვითარების გეგმა, თუმცა ეს პროექტი ჩავარდა. როცა სხვა ალტერნატიულ ტრანსპორტზეა საუბარი, უამრავ ბარიერს და სტერეოტიპს ვაწყდებით.
საზოგადოებაში, ხელისუფლებაში გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს თბილისის რელიეფი ხელს არ უწყობს ველოსიპედების მოხმარების პოპულარიზაციას. მაგალითისთვის, თბილისზე გაცილებით რთული რელიეფი აქვს პრაღას და ჟენევას, მაგრამ იქ ველოსიპედით გადაადგილება უკვე პოპულარულია. არადა, უკვე დროა, თბილისმა გაიზიაროს იმ უამრავი ქალაქების, მათ შორის, განვითარებადი ქვეყნების გამოცდილება, როგორებიცაა კუერტიბა, ბოგოტა, ლიონი, როსარიო, ვიჩანგი, ალბასეტე, ინდორე, ლიმა, ტოლუკა, ერევანი, მორგენშტაუ, მოსკოვი, კიგალი. მსოფლიოში ცნობილი დანიელი არქიტექტორი და ქალაქდამგეგმარებელი იან გელი, ბოგოტას მერი ენრიკო პენელოსა და სხვა აღიარებული საზოგადო მოღვაწეები და ურბანისტები, ყველა ერთსულოვანია, რომ მანქანებზე ორიენტირებული განვითარება წარსულია და გზა ჩიხისკენ.