მასშტაბური კიბერშეტევა უკრაინაზე
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შიდა სისტემა ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, – ამის შესახებ ტვიტერზე უკრაინის ვიცე-პრემიერმა პაველ როზენკომ დაწერა.
„როგორც ჩანს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნო გატეხეს. ქსელი გაჩერდა“, - იტყობინება ვიცე-პრემიერი.
BBC-ს ცნობით, ვირუსული შემოტევების, კომპიუტერული სისტემის შეფერხებით მუშაობის შესახებ ენერგოკომპანიებმა და უკრაინის ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელეს ინფორმაცია.
ამას გარდა, კიბერშეტევის მსხვერპლად იქცა: მედიაჰოლდინგი „ლუქსი“, კიევის მეტროპოლიტენი, უკრაინის ფოსტა, ახალი ფოსტა და სხვა კომპანიები.
ამჟამად უკრაინის მთავრობასა და ენერგეტიკის სამინისტროს ინტერნეტპორტალებისადმი წვდომა არ აქვთ.
სამიზნეებს შორის იყო ბორისპოლის აეროპორტის სისტემაც, რის გამოც შესაძლებელია, ავიარეისები შეყოვნდეს.