მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატების სია ცნობილია
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის კანდიდატურის შესარჩევად გამოცხადებულ ღია კონკურსზე განაცხადი შვიდმა მსურველმა შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ესენი არიან:
დავით ცინცაძე - კინორეჟისორი, იურისტი;
გიორგი იაკობაშვილი - ბიზნესინჟინერი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი;
აკაკი გიგინეიშვილი - იურისტი, საერთაშორისო კერძო სამართლის სპეციალისტი;
ია მამალაძე - ჟურნალისტი;
მიხეილ მრევლიშვილი - ტელევიზიისა და კინოს რეჟისორი;
ლელა ფირალიშვილი - ფიზიკოსი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი;
პაატა სურგულაძე - აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი (მეორადი ფაკულტეტი), მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის ასპირანტი, ისტორიის კათედრის დოქტორანტი.
მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადების მიღების ვადა 13 ივნისს ამოიწურა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 29 მაისს გამოსცა.
საკონკურსო კომისიას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობს.
კომისიის შემადგენლობაში არიან: სოსო გალუმაშვილი (PR სააგენტო - „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის PR-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი); თინათინ თვალაძე (ბლოგერი); ზურაბ მხეიძე (ფსიქოლოგი); არნოლდ სტეპანიანი (არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე); ოთარ ტატიშვილი (ექიმი და ტელეწამყვანი); ბასა ფოცხიშვილი (რეჟისორი, სტუდია „123-ის“ დამფუძნებელი); მარინე ჩიტაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი).