„მაყურებელს ფეხბურთის გარეშე არ დავტოვებთ!" - Myvideo GNCC-ს სასამართლოში უჩივლებს

 
„Myvideo" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სასამართლოში უჩივის, ვინაიდან ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Myvideo.ge-ს პირველი და მეორე არხების სიგნალის გათიშვა დაავალა. საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობენ. შესაბამისად, მატჩების მსვლელობისას Myvideo.ge-მ და სხვა პორტალებმა სატელევიზიო სიგნალი უნდა შეზღუდონ. ამას გარდა, მაუწყებელში მიაჩნიათ, რომ Myvideo.ge არხის კონტენტს კომერციული მიზნებით იყენებს, როდესაც ვებგვერდზე რეკლამას უშვებს. გთავაზობთ Myvideo.ge-ს განცხადებას: „2018 წლის 1 ივნისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაგზავნა სრულიად აბსურდული მოთხოვნა, რომლის შინაარსიც გულისხმობს, რომ myvideo-ზე ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, შეწყდეს პირველი და მეორე არხის ჩვენება, ანუ მარტივი ენით: მხოლოდ Myvideo-ზე არ ვაჩვენოთ ფეხბურთი ჩვენს მომხმარებელს. აღნიშნული მოთხოვნის უკანონობაზე შემდგომ ისაუბრებს ჩვენი იურისტი, თუმცა მოგახსენებთ, რომ ამ აბსურდული მოთხოვნის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოიტანა კიდევ უფრო აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ჩვენ დაგვევალა პირველი და მეორე არხის დაუყოვნებლივი გათიშვა არა მარტო ფეხბურთის დროს, არამედ სრულად. რაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს საერთოდ არ მოუთხოვია (სრულ გათიშვაზეა საუბარი). ჩვენ არ ვაპირებთ ამ უკანონო გადაწყვეტილების შესრულებას, ჩვენ მას გავასაჩივრებთ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მილიონობით მაყურებელს ფეხბურთის გარეშე არ დავტოვებთ!", - ნათქვამია განცხადებაში.