მდინარაძემ შეცდომით გამომიგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა - ბესელია
დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მამუკა მდინარაძემ სალანძღავი გზავნილი, რომლის გაგზავნაც სხვებისთვის უნდოდა, შემთხვევით მას გაუგზავნა. ეკა ბესელია გზავნილის შინაარს არ ასაჯაროებს.
„მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ჩემთან გამოგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა. მივწერე მე მამუკას და დაიწყო ბოდიშების მოხდა, მაგრამ არ მჭირდება არც მისი და არც პარლამენტის თავმჯდომარის ბოდიში. სამარცხვინოა, რაც ხდება, სახე აქვთ დაკარგული. როგორც ჩანს, ამიტომ დამწკრივდნენ და აკეთებდნენ დღეს ერთნაირ განცხადებებს. ვერ გავასაჯაროებ გზავნილს, რადგან პერსონალურ მონაცემს შეიცავს მაინც, თუმცა თავადაც არ უარყოფს ამ ყველაფერს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში დაადასტურა, რომ ბესელიას შეტყობინება, მართლაც, გაუგზავნა შეცდომით. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს ეკა ბესელიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების მიერ გასახმოვანებელი „მესიჯბოქსი” არ ყოფილა.
„დიახ, იყო ასეთი ფაქტი. ხშირად დამმართნია მეც და ალბათ თქვენც, როცა შეცდომით მესიჯი გადაგიგზავნია. ნინო წილოსანმა მკითხა, რა პოზიციები იყო დღეს, რა მესიჯები გახმოვანდა. ჩამოყრილი მქონდა და ვუთხარი, ახლავე ჩაგიგდებ-მეთქი. ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ და და ეტყობა, შეცდომით გადავუგზავნე ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.