მძიმე სხეულითა და მსუბუქი სულით

 
ბერლინალეს სტარტი: ბოშური რეკვიემი, უნგრული ირმების „რაფსოდია“, აფრიკული ბლუზი... და ჯაკომეტის ბოლო პორტრეტი პოლიტიკის ყოვლისშემძლე  თუ მსახვრალი ხელი წლევანდელ ბერლინალესაც რომ დაეტყობოდა, ამას თითქმის ყველა წინასწარ გრძნობდა - მოვლენებისგან ცივად დისტანცირებული ბრიტანელი და სკანადინავიელი ჟურნალისტებით დაწყებული, ნევროზულად მემარცხენე, გერმანული პრეს-ამქარით დამთავრებული. ცალკე რუსებს ტანჯავდათ არაშემოქმედებითი ნევროზები თუ პოლიტიკური ეჭვები. „რატომ არ არის საკონკურსო პროგრამაში არცერთი რუსული ფილმი; ფიქრობთ, რომ რუსული კინო ასეთი ცუდია?“  - გაბრაზებული ტონით იკითხა ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა ფესტივალის გახსნის დღეს, პრესკონფერენციაზე. რასაც, სხვათა შორის, საყოველთაო მხიარულება, ირონიული კომენტარები და ჟიურის თავმჯდომარის, პოლ ვერჰოვენის მრავალმნიშვნელოვანი დუმილი მოჰყვა. სასატუმრო „ჰაიატში“, სადაც პრეს-ცენტრი მდებარეობს და ყოველი ფილმის შემდეგ პრესკონფერენციები იმართება, შესვლისას ჟურნალისტების ჩანთებს საგულდაგულოდ ამოწმებენ; გაორმაგებულია პოლიციის რაოდენობაც. მოკლედ, კინოფესტივალზე უსაფრთხოების ზომები საგრძნობლად გამკაცრებულია. ბერლინალე, როგორც წესი,  პოლიტკორექტულად კარგად დაზეთილი მექანიზმივითაა აწყობილი. ამდენად ფრანგი პროდიუსერისა და რეჟისორის, ეტიენ კომარის „ჯანგო“ იდეალურად ჯდებოდა საზეიმო გახნის ჰუმანისტურ-პოლიტკორექტულ ჩარჩოებში. ფილმი ბოშური წარმოშობის ჯაზ-გიტარისტის, ჯანგო რეინჰარდტის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები ხან დევნიდნენ და ხანაც, ედიტ პიაფის მსგავსად, რეპერტუარის კორექტირების სანაცვლოდ, ბერლინში გამოსვლას სთავაზობდნენ. "ჯანგო" - რეჟისორი ეტიენ კომარი პარიზის ოკუპაციის პერიოდი, ჯანგო რეიჰარდტი თავისი ჯაზ-კომპოზიციებით მხნეობას და ხალისს მატებდა ადამიანებს. კინომანებს ეს ფილმი ალბათ, გაახსენებთ ფრანსუა ტრიუფოს შედევრს „უკანასკნელი მეტრო“, რომელიც ასევე ოკუპირებული პარიზისა და ერთ-ერთი იატაკქვეშა თეატრის შესახებ მოგვითხრობს. ცხადია, ჯანგოს „საკონცერტო სამოთხე“ დიდ ხანს არ გაგრძელებულა - მის ბენდს ნაცისტები მაინც დევნიან, ხოლო ბოშებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიან. ამავე დროს, ნაცისტური პროპაგანდა  რეინჰარდტს საგასტროლო ტურს სთავაზობს გერმანიაში, თუ ის უარს იტყვის „მდაბიო ბოშურ და შავ მუსიკაზე“. მაგრამ მუსიკოსი პრინციპების ერთგული რჩება და იძულებულია ალპებსა და შვეიცარიას შეაფაროს თავი. ფინალში 1945 წელს, პარიზში შესრულებულ მის „ბოშურ რეკვიემს“ ვისმენთ, რომლის ფონზეც კამერა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ბოშათა ფოტოებს აღბეჭდავს. ფილმში ჯანგო რეინჰარდტის როლს ნაკლებად ცნობილი მსახიობი რედა კატები ასრულებს, ხოლო  მის საყვარელს, ლუიზას სესილ დე ფრანსი განასახიერებს, რომელიც ძალიან ცდილობს იზაბელ იუპერს დაემსგავსოს. მაკიაჟითა და იმიჯით დაწყებული, თამაშის მანერით დამთავრებული. თუმცა, როგორც წესი, ნებისმიერი გულმოდგინედ შესრულებული ასლი, ორიგინალზე ფერმკრთალია. რადიკალურად განსხვავებული შეფასება მოჰყვა უნგრელი რეჟისორის, ილდიკო ენიედის ფილმს „სხეულითა და სულით“. ბუდაპეშტის თანამედროვე და „ცივილურ“ ცხოველთა სასაკლაოზე უცნაური სასიყვარულო ისტორიის მოწმენი ვხდებით: მარია (ახალგაზრდა მსახიობის, ალესანდრა ბორბელის არაჩვეულებრივი ნამუშევარი)  ხარისხის კონტროლიორია, ენდრე (გეზა მორსანი) კი ამ უჩვეულო სამსახურის უფროსი. მარის ცხოვრება მხოლოდ ციფრებისა და მონაცემებისგან შედგება, რომელიც უსიხარულო ბავშვობამ მეხსიერებაში სამუდამოდა აღბეჭდა. მისი ბოსი - უკვე ასაკოვანი ენდრე კი ხელის ტრავმის გამო ოდნავ დაკომპლექსებულია. სამაგიეროდ, ორივეს ფანტაზიაში ლაღი და თავისუფალი ირმები დანავარდობენ, რასაც ფსიქოლოგის ტესტიც ადასტურებს და პარალელური მონტაჟით წყალობით, კამერაც. "სხეულითა და სულით" - რეჟისორი ილდიკო ენიედი ეს არის ორი ძალიან ფაქიზი, ცოტა უცნაური და ფსიქოლოგიური ტრავმებით დამძიმებული ადამიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც  გამძაფრებულია პოეზიისგან დაცლილი სოციალური გარემოთი და გარშემომყოფთა ცინიზმით. თხრობის ცივ და დისტანცირებულ მანერას შველის დრამატული აბსურდი და დახვეწილი იუმორი. ამერიკელი რეჟისორის, ორენ მოვერმანის ფილმი „სადილი“, მხოლოდ ადასტურებს საკონკურსო პროგრამის მრავალფეროვნებას. პოლ ლომანი (სტივ კოგანის შესანიშნავი როლი) მეუღლესთან (ლორა ლინი) ერთად, რესტორანში მიდის, სადაც პოლიტიკოს ძმას, სტენ კოგანსა (რიჩარდ გირი) მის მეუღლეს (რებეკა ჰოლი) უნდა შეხვდეს. ეს ეგზოტიკური, უძვირესი, ბურჟუაზიული სადილი (ცხადია, ბუნუელის მსუნაგ, დახვეწილ და ირონიულ  ბურჟუებთან ლომანებს საერთო არაფერი აქვთ) ფარდას ხდის ოჯახურ საიდუმლოებებს, მათ ფარულ აგრესიას თუ გაცხადებულ შიშებს. "სადილი" - რეჟისორი ორენ მოვერმანი რეჟისორი არა მხოლოდ ლომანების, როგორც „სამაგალითო და მზრუნველი“ მშობლების ზნეობრივ პრობლემებს გვიჩვენებს, არამედ მათი შვილების ფარულ დანაშულებებსაც ააშკარავებს. რაც კარგად ჩანს flashbacks-ით გადაღებულ კადრებში:  მოზარდები ბანკომატის გვერდით მძინარე უსახლკარის  სასტიკად უსწორდებიან. მოვერმანი  ლომანების მორალური კონფლიქტს უცანაურად და ზუსტად აკავშირებს ამერიკის ისტორიასა და ოჯახურ ტრილერთან. ბერლინალეს ეგზოტიკურ მრავალფეროვნებას უდავოდ, მოუხდა სენეგალური წარმოშობის ფრანგი რეჟისორის, ალენ გომისის საკონკურსო ფილმი „ფელისიტე“. ქალაქ კინშასას ერთ-ერთ ბარში ფელისტე ნაღვლიან და ვნებიან სიმღერებს ასრულებს. მაგრამ ამაყი და უცნაური ქალის ნამდვილი დრამა მაშინ იწყება, როცა მისი შვილი ავარიაში მოყვება და ექიმები ოპერაციისათვის წარმოუდგენელ თანხას ითხოვენ. აქედან მოყოლებული, ფელისიტეს დამოუკიდებლობა და სიამაყე სადღაც ქრება და შვილის დასახმარებლად ის ყველა დამცირებაზე თანახმაა. ამავე დროს მომღერლის ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრება სასაცილო და უცნაური კაცი, სახელად ტაბუ - მექალთანე, რომელიც ცდილობს არც ფელისიტეს აწყენინოს და არც სხვა ქალებს. ვიდრე ფილისტე ფულის ძიებში კონგოს დედაქალაქის ღარიბულ და მდიდრულ უბნებს მოივლის, რეჟისორი პარალელურად სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციებს გვიჩვენებს, რომელიც ისევე გაჭირვებით უმკლავდება არვო პიარტის პარტიტურას, როგორც თავად ფელისტე ფინანსებს... ბერლინალეს პირველი დღეების მძიმე „პოლიტიკურ“ სხეულს შედარებით მსუბუქი სული შთაბერა იტალიური წარმოშობის ბრიტანელმა მსახიობმა, სცენარისტმა და რეჟისორმა, სტენლი ტუკიმ ფილმით „ბოლო პორტრეტი“. ეს არის მოულოდნელობებით სავსე ამბავი, რომელიც ცნობილი შვეიცარიელი სკულპტორის, მხატვრისა და მოქანდაკის, ალბერტო ჯაკომეტის მიერ ბოლო პორტრეტის შექმნის შესახებ მოგვითხრობს. "ბოლო პორტრეტი" - რეჟისორი სტენლი ტუკი 1964 წელს, პარიზში, ალბერტო ჯაკომეტის სახელოსნოს ამერიკელი არტ-კრიტიკოსი და მწერალი, ჯეიმს ლორდი ეწვია, რომელმაც უკვე აღიარებულ მხატვარს თავისი პორტეტის შექმნა დაუკვეთა. თუმცა ბევრი მიზეზი გამო სამუშაო დიდ ხანს გაიწელა. ფილმი სწორედ ჯაკომეტის მიერ ჯეიმს ლორდის პორტერის შექმნის საოცარ და არტისტულ პროცესს აცოცხლებს. ჯაკომეტის პირადი, ოდნავ აფსურდული და უფრო მეტად მოუწერიგებელი ცხოვრება: საყვარლებით, ფინანსური აფიორებით, მუდმივი ეჭვიანობით, თითქმის შექმნილი პორტრეტის განადგურებით, დრამატული თუ სასაცილო ფლირტით ქალებთან,  მუდმივი სმა-ჭამა და 60-იანი წლების პარიზული ბოჰემური ატმოფერო  ძალიან მსუყე და ამავე დროს მსუბუქად არტისტულ განწყობას ქნის. ხმაურიანი სკანდალებისა და დიდი ვნებათაღელვის შემდეგ, ჯაკომეტი მაინც ამთავრებს პორტრეტს, რომელიც ჯეიმს ლორდს ნიუ-იორკში მიაქვს. ეს იყო ჯაკომეტის ბოლო ფერწერული პორტრეტი, რადგან შემნიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, გარდაიცვლა. ფილმის ეყრდნობა სწორედ ჯემს ლორდის ბიოგრაფიულ რომანს „ჯაკომეტის პორტრეტი“, რომელშიც რეჟისორმა სტენლი ტუკიმ მახვილგონივრული დიალოგები  და ირონია ზომიერად შეაზავა. ალბერტო ჯაკომეტის როლს ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი ჯეფრი რაში ასრულებს, რომელიც გიჟებს, ავანტურისტებსა და გენიოსებს თანაბარი წარმატებით უმკლავდება... მან ჩვეულებას არც ამჯერად უღალატა და პრემიერაზე, „ბერლინალე პალასტის“  წითელ ხალიჩაზე პატარა ხულიგნურ-არტისტული პერფორმანსი ჩაატარა!