მღებრიშვილი ე.წ. ჩადებების შესახებ: გამოვრიცხავ, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონდეს

 
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ კატეგორიულად გამორიცხავს, ე.წ ჩადების პრაქტიკის სისტემურ ხასიათს.  „როგორც შს მინისტრი, კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონდეს. ამის თეორიული ალბათობა, როცა სისტემაში თითქმის 40 ათასი ადამიანი მუშაობს, შესაძლოა, არსებობდეს. მაგრამ მე მაქვს ჩემი მკაცრი პოზიცია ამასთან მიმართებაში და ამის თაობაზე იცის პოლიციის ყველა დანაყოფის ხელმძღვანელმა და უწყების თითოეულმა თანამშრომელმა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვიცხოვროთ სახელმწიფოში, სადაც იარსებებს წარსულის ამგვარი მანკიერი პრაქტიკა. თუკი ვინმე მსგავსი მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტს, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. ამისთვის არსებობს შესაბამისი დანაყოფი ჩვენს უწყებაში, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს", - განუცხადა „პრაიმტაიმს“ გიორგი მღებრიშვილმა.