მინაშვილი: პასუხისმგებლობას ივანიშვილი თქვენ აგკიდებთ, როგორც ღარიბაშვილს აჰკიდა

 
„საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო რთული ხდება ცხოვრება და ბიძინა ივანიშვილი ამ პასუხისმგებლობას აგკიდებთ თქვენ, ისევე, როგორც აჰკიდა ირაკლი ღარიბაშვილს. ეს არის მისი მოქმედების სქემა" - ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დეპუტატმა აკაკი მინაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიმართა. მისი თქმით, არ არსებობს გარანტი იმისა, რომ კვირიკაშვილის დაპირებები გადაჭარბებული არ იქნება. „თქვენ თქვით, რომ ნაწილი იმ დაპირებებისა, რომლებზეც საუბრობდით არჩევნებამდე, გადაჭარბებულია, რადგან არასწორი ექსპერტიზა მოახდინეს თქვენმა მოკავშირეებმა იმ დროს. ახლა მინდა გკითხოთ, რიტორიკულად, ახლა ვინ არის იმის გარანტი, რომ დაპირებები, რომლებიც ახლა ჩამოთვალეთ, არ იქნება გადაჭარბებული მომავალში? თქვენ გეგმებზე და დაპირებებზე ისაუბრეთ, თუმცა არავინაა დაზღვეული, რომ გადაჭარბებული არ იქნება ისინი" - თქვა მინაშვილმა.