მიქაელ ბოტკოველი: წერილი დიდი ალბათობით შეიძლება მართლაც მისი დაწერილი იყოს

 
დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ გაეცნო წერილს, რომელიც, სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მისწერა პატრიარქს. მისი თქმით, წერილში ბევრი საკითხი ხელოვნურად არის დრამატიზებული და არ იზიარებს იმ აზრს, რომ საპატრიარქოში კორუფციული სქემებია. „გავეცანი ამ წერილს და სამწუხაროდ, დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ წერილში ძალიან ბევრი საკითხი ხელოვნურად არის დრამატიზებული. რა თქმა უნდა, იდეალური მდგომარეობა არსად არ არის და ვერც ერთ საწარმოსა და ინსტიტუციაში ვერ იქნება, მაგრამ ის, რომ რაღაც კორუფციული სქემებია, ამას ვერ გავიზიარებ. ამას სჭირდება რაიმე მყარი არგუმენტები, თუ რატომ საუბრობს მამა გიორგი ამ საკითხებზე. თანაც ამას აკეთებს წერილობითი ფორმით. მე არ ვიცი, რატომ დასჭირდა, თუ მართლა მისია ეს წერილი. თემები მაფიქრებინებს, რა თემებზეც იქ არის საუბარი - მამა გიორგის ამ თემებთან ნამდვილად ჰქონდა შემხებლობა. ალბათ, დიდი ალბათობით, შეიძლება, რომ მართლაც მისი დაწერილი იყო. მას არ ჰქონდა მის უწმინდესობასთან კომუნიკაციის პრობლემა. მას შეეძლო დღეში ერთხელ კი არა, რამდენჯერმე შეხვედროდა პატრიარქს, თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა. ის ორი სამსახურის ხელმძღვანელი იყო: იოაკიმ და ანას სახელობის კლინიკის დირექტორი და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე. ასე რომ, ამ წერილის სინოდზე განხილვის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. საკითხები, რომელთანაც მე შემხებლობა მაქვს და უკეთესად ვიცი - იქ, რა თქმა უნდა, აშკარად გადაჭარბებულია და დრამატიზებულია მოვლენები“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.