“მოძალადე ქმართან იმიტომ ვცხოვრობ, რომ წასასვლელი არსად მაქვს”

 
“ყველა ქალს მინდა ვურჩიო, რომ სანამ გათხოვდება, კარგად დაფიქრდეს და ყველაფერი აწონ-დაწონოს. დრომოჭმულ ტრადიციებს ანგარიში არ უნდა გაუწიო”, - ამბობს მარნეულში მცხოვრები სევილ ჰასანოვა. ის 28 წლისაა. 11 წელია გათხოვილია და 4 შვილი ჰყავს. სევილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია - მეუღლე მას ხშირად სცემს. მიუხედავად ამისა, ქმართან განქორწინებაზე ან პოლიციისადმი მიმართვაზე არასოდეს უფიქრია. მისი ისტორია ზუსტად ისეთივეა, როგორიც ქვემო ქართლში მცხოვრები სხვა ასობით ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალის ისტორია: ადრე გათხოვდა, 16 წლის ასაკში. გათხოვება არ უნდოდა, მაგრამ მომავალმა ქმარმა ის მოიტაცა და მოტაცების შემდეგ ოჯახში ვეღარ დაბრუნდა. “დედაჩემიც 16 წლის ასაკში გათხოვდა. მამა რუსეთში წავიდა სამუშაოდ და უკან აღარ დაბრუნებულა. დედაჩემის ისტორია კარგი მაგალითი იყო ჩემთვის. ადრე გათხოვება არ მინდოდა. ვოცნებობდი სწავლის გაგრძელებაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქმარმა მომიტაცა, იძულებული გავხდი ბედს დავმორჩილებოდი: უკან რომ დავბრუნებულიყავი, ხალხი ჩემზე ჭორაობას დაიწყებდა. ასეთი საქციელი ჩვენს საზოგადოებაში მიუღებელია. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ საზოგადოების აზრის ზეწოლას გავმკლავებოდი.” სევილი ამბობს, რომ  მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე მას ხშირად სცემდა, არც მასთან გაყრაზე უფიქრია და არც პოლიციისთვის მიუმართავს: “სოფლის მეურნეობაში ვარ დასაქმებული და ცოტა შემოსავალი მაქვს. თუმცა, ეს ფული  4 შვილის გაზრდისთვის საკმარისი არ არის. დროებითი სამუშაო ჩემს ქმარსაც აქვს ხოლმე, მაგრამ ის ფული თავისთვისაც არ ჰყოფნის. პირიქით, ფულს აქეთ მე მთხოვს ხოლმე და როცა არ მაქვს, მცემს. პოლიციისთვის არასოდეს მიმიმართავს. დღემდე მოძალადე ქმართან იმიტომ ვცხოვრობ, რომ წასასვლელი არსად მაქვს. მამაჩემმა სახლი გაყიდა და ჩვენ არაფერი დაგვიტოვა. დედა თავისი ძმის სახლში ცხოვრობს სამადლოდ. ქმარს რომ გავეყარო, წილს ვერ მოვთხოვ, რადგან მასთან ხელი მოწერილი არ მაქვს.” ომბუდსმენის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ოჯახის შექმნის მიზეზით სწავლა 13-დან 17 წლამდე ასაკის  408 მოსწავლემ შეწყვიტა; ხოლო 168 შემთხვევაში სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა მოქალაქემ დაანება. თუმცა, სავარაუდოდ, ეს მონაცემები ზუსტი არ არის და ვითარება კიდევ უფრო დრამატულია. როგორც გაირკვა, ქვემო ქართლის მუნიციპალურ ერთეულებში, სადაც ყველაზე ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინება, სკოლის პედაგოგები და დირექტორები არ აწარმოებდნენ სტატისტიკას, რამდენმა მოსწავლემ დაანება თავი სკოლაში სიარულს ოჯახის შექმნის გამო. გაერო-ის მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 15-19 წლის ასაკში დაქორწინებულ ქალთა 49 პროცენტს განათლება არ აქვს მიღებული. მათ 34 პროცენტს აქვს მხოლოდ დაწყებითი სასკოლო განათლება, საშუალო და უმაღლესი განათლება კი მხოლოდ 7.1 პროცენტს აქვს. ამავე დროს 18 წლამდე დაქორწინებულ ქალთა 29,1 პროცენტი ყველაზე ღარიბი ფენის წარმომადგენელია, 21 პროცენტი საშუალო სიღარიბის მქონე ფენას წარმოადგენს, ხოლო 18.3 პროცენტი - საშუალო შემოსავლის მქონეთა კლასს. გულერ ანაგიევაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. მას სამი შვილი ჰყავს. ისიც 16 წლის გათხოვდა: “ქორწინებიდან 1 წლის შემდეგ ჩემი ქმარი შეიცვალა. ყოველ დღე მთვრალი მოდიოდა სახლში და მცემდა. მე საქონელს ვუვლიდი, სახლის საქმესაც ვაკეთებდი, ჩემს მიერ მოყვანილ პროდუქტებს ვყიდდი და ვკერავდი კიდეც. მთხოვდა ფულს და როცა არ მქონდა, მცემდა.” ქმართან ის 17 წელი ცხოვრობდა, შემდეგ კი მშობლებთან დაბრუნდა: “არ ვიცოდი, რომ პოლიციას ჩემი დაცვა შეეძლო. ეს რომ მცოდნოდა, ქმარს უფრო ადრეც გავეყრებოდი. მეუღლის ოჯახიდან მას შემდეგ წამოვედი, რაც სასიკვდილოდ მცემა და საავადმყოფოში მოვხვდი.” 33 წლის გულერი ამბობს, რომ განქორწინებულ ქალს საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს, ამიტომ მას მშობლები მუშაობის უფლებას არ აძლევენ: “მინდა ექთანი გამოვიდე, მაგრამ ოჯახი სწავლის და მუშაობის უფლებას არ მაძლევს. ოფიციალურად განქორწინებული არ ვარ. ახლა მშობლებთან ვცხოვრობ ჩემს შვილთან ერთად. მეზობლები და ნათესავები მუდმივად ჩამჩიჩინებენ, რომ ვალდებული ვარ ქმრის ოჯახში დავბრუნდე.” კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი და ქალთა მოძრაობის წევრი ბაია პატარაია აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბევრი ქალი სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართავს: “საკუთარი უფლებების შესახებ ქალებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში. სამწუხაროდ,  ბევრი ქალი მიიჩნევს, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციის ოჯახის გარეთ გატანა სირცხვილია და ძალადობის მსხვერპლმა არ შეიძლება დახმარებისთვის  სახელმწიფოს მიმართოს. ქალთა უფლებების შესახებ ცოდნის დონე საზოგადოებაში ძალიან დაბალია. ამ პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშაოს. ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.” არასამთავრობო ორგანიზაციის -  "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი ანა თავხელიძე აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში ქალებს უჭირთ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მაშინაც კი, როცა ისინი ძალადობის მსხვერპლნი წლების განმავლობაში არიან: “რთულია სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვა, რაც განპირობებულია ძირითადად  ეკონომიკური, კულტურული და ტრადიციული ფაქტორებით. მიიჩნევა, რომ მამაკაცი არის ოჯახის თავი, დომინანტი, რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს ქალი. ამიტომ ქალებს ეშინიათ ხმა აიმაღლონ, რადგან ისინი მხოლოდ თავიანთი ქმრების კი არა, საზოგადოების პირისპირაც მარტონი რჩებიან. ქალი, რომელიც ფინანსურად დამოკიდებულია ქმარზე, არ აქვს წასასვლელი, არ აქვს განათლება, ირჩევს მოძალადესთან დარჩენას. ასეთ დროს ქალებმა უნდა მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაეხმარებიან მათ სამართლებრივ ბრძოლაში და უფლებების დაცვაში. სამწუხაროდ, საკუთარი უფლებების შესახებ არაინფორმირებულობა ერთ-ერთი ფაქტორია, რატომაც ქალები არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს და არ იბრძვიან თავიანთი უფლებების დასაცავად.” არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ - “ქალთა მდგომარეობა ქვემო ქართლში“ აჩვენა, რომ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემების საკანონმდებლო რეგულაციებზე. მიზეზი კი მოსახლეობაში არსებულ ცნობიერების დაბალ დონესთან ერთად სახელმწიფო უწყებების მიმართ უნდობლობაცაა. როგორც კვლევამ აჩვენა, ქვემო ქართლში მოქმედ სასამართლოებში 2016 წლის მანძილზე განხილული ოჯახში ძალადობის 25 საქმიდან მხოლოდ 6 შემთხვევაში შეეფარდა დამნაშავეს პატიმრობა. 38 დასრულებული სისხლის სამართლის საქმიდან კი მხოლოდ 2 საქმეზე დადგა განაჩენი საპატიმრო სასჯელის გამოყენებით. დანარჩენ შემთხვევებში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმის ან პირობითი სასჯელის გამოყენებით. ნაადრევი ქორწინების 15 საქმეზე კი, ყველა შემთხვევაში დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება საპატიმრო სასჯელის გარეშე.   ნურანა მამმადი