მორიგება დავის ნაცვლად

 
    სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე ლაშა კალანდაძე მედიაციის ინსტიტუტის ამოქმედების ერთ-ერთი ინიციატორია,  მისი თქმით, "დაპირისპირებულ მხარეებს, ხშირად, ერთმანეთთან პირადი თუ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ამ ურთიერთობის შენარჩუნება მათთვის მნიშვნელოვანია. მედიაციის პროცედურა საშუალებას იძლევა რომ კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე მეტნაკლებად კმაყოფილი დარჩეს". უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მედიაციის ინსტიტუტის ამოქმედებას მხარს უჭერს. "სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ კონფერენციებზე, სადაც კი ჩავდიოდი,  განხილვის მთავარი თემა ყოველთვის მედიაცია იყო - ამბობს კუბლაშვილი - ჩვენი პარტნიორები მედიაციის დანერგვას 2006-2007 წლებში გვთავაზობდნენ, მაგრამ მაშინ ვერ შევძელით, სხვა პრობლემები გვქონდა, სისტემა თავიდან შენდებოდა. 2010 - 2011 წლებში შევნიშნეთ, რომ მოსამართლეები სამოქალაქო საქმეებით გადატვირთულები იყვნენ. მედიაციის ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სასამართლოების განტვირთვაა. ჩვენი კანონმდებლობა საოჯახო და სამემკვიდრეო დავების მედიატორებისთვის გადაცემის  საშუალებას უკვე იძლევა, თუმცა ჩვენი პრობლემა ისაა რომ მედიატორები არ გვყავს. ვაპირებთ, გამოვაცხადოთ კონკურსი და შევარჩიოთ მედიატორები. ჩავუტაროთ ტრენინგები. ვფიქრობ, ივნის-ივლისამდე ჩვენ უკვე გვეყოლება მომზადებული მედიატორები. ჩვენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები გვეხმარებიან, სადაც მედიაცია ყველაზე მეტადაა განვითარებული, ესაა შეერთებული შტატები და გერმანია. სასამართლოსადმი მიმართვა უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს, მას შემდეგ რაც მხარეები მედიაციას მოსინჯავენ" - აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მედიაციის ინსტიტუტის საქართველოში დანერგვის საქმეში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თამარ ზამბახიძეცაა ჩართული. ზამბახიძე "ლიბერალთან" საუბრისას ამ ინსტიტუტის დადებით მხარეებს ჩამოთვლის: "მედიაცია არაფორმალური პროცესია. არსად არაა გაწერილი ისეთი პროცედურები, რომლებიც მხარეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან, ასეთ სიტუაციაში მოწინააღმდეგეები შეიძლება ისეთ დათმობებზე წავიდნენ, რასაც სასამართლოში საქმის განხილვისას არ დათანხმდებოდნენ. მედიაციის პროცედურა შედარებით ნაკლებ ხარჯებს უკავშირდება. სასამართლო პროცესი კი სახელმწიფო ბაჟის, ექსპერტიზის გადასახადის, ადვოკატის ჰონორარის და სხვა სასამართლოსგარე ხარჯების დაფარვას გულისხმობს. მედიაციის პროცესში, დავის დასრულების შესახებ მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას და შედეგსაც თვითონ განსაზღვრავენ. სასამართლო პროცესი ფორმალურობითა და ოფიციალურობით გამოირჩევა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ყველასთვის სავალდებულოა, იმის მიუხედავად, მოსწონს თუ არა ის   რომელიმე მხარეს. კონფლიქტის აღმოფხვრა კი, ურთიერთობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც დაპირისპირებული მხარეები მეზობლები, ან ნათესავები არიან. სასამართლოში საქმის განხილვისას კონფლიქტი, შესაძლოა, არ აღმოიფხვრას და პირიქით - გამწვავდეს. საქმის მედიაციით დასრულების დროს კი კონფლიქტიც სრულდება". თამარ ზამბახიძის თქმით, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები ხშირად არასამართლებრივია: დაპირისპირება, პირადი წყენა და ა.შ. სასამართლო კი სამართლებრივ ფარგლებს ვერ გასცდება. მედიატორს  შეუძლია უფრო ღრმად ჩასწვდეს კონფლიქტის მიზეზებს. [pagebreak] "სასამართლო პროცესისგან განსხვავებით მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია",  -  ამბობს ზამბახიძე. მოსამართლე ამ ფაქტს მედიაციის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად განიხილავს. საქმესთან დაკავშირებით მედიატორის მოწმედ გამოძახება და დაკითხვა კანონით იკრძალება. სხვადასხვა დოკუმენტაციას თუ ინფორმაციას, რომელიც მედიაციის დროს გახდა ცნობილი, სასამართლოში მტკიცებულების ძალა არ გააჩნია. საფრანგეთის კანონმდებლობა მედიატორის მიერ კონფიდენციალობის დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების არსებობის ფონზე შეერთებულ შტატებში სასამართლომდე დავების მხოლოდ 5% აღწევს, გერმანიაში - 10% ევროპის ქვეყნებში მედიაციით საქმეების 40-80% წყდება, მთელ მსოფლიოში კი საქმეების 75-80% მედიაციით სრულდება. მედიაციის დროს მხარეებს მორიგების ვალდებულება არ ეკისრებათ. არც მოსამართლეს და არც მედიატორს უფლება არ აქვთ, ვინმეს მორიგება დააძალონ. მხარეებს მხოლოდ მედიაციის პროცესში მონაწილეობის მიღება ევალებათ, შეთანხმდებიან თუ არა რაიმეზე, მთლიანად მათზეა დამოკიდებული. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლოში გადაინაცვლებს. მედიაციის პროცესში, მხარეები შეიძლება ცალკეულ საკითხებზე შეთანხმდენ, დანარჩენი საკითხები კი განსახილველად სასამართლოს გადაეცემა. მედიაციის ინსტიტუტი უძველესი დროიდან არსებობს. ისტორიკოსების ვარაუდით მედიაციას, როგორც დავის აღმოფხვრის შესაძლებლობას ჯერ კიდევ ძველი ფინიკიელები იყენებდნენ. მედიაცია ცნობილი იყო ბაბილონშიც  - ჰამურაბის კანონების მოქმედების დროს. ტერმინ "მედიაციის" საფუძვლები ძველ ბერძნულ  და ლათინურ ენებში იღებს სათავეს, ბერძნულად medos მიუკერძოებელს, ნეიტრალურს ნიშნავს, ლათინურად კი mederi გაჯანსაღებას, გამოსწორებას გულისხმობს. რომის სამართალი მედიაციას იუსტინიანეს კოდექსიდან იცნობს. რომაელები მედიატორს წარგზავნილის, შუამავალის, თანამოსაუბრის, კონსლიატორის სახელით მოიხსენიებდნენ. სად და როგორ განვითარდა მედიაციის ინსტიტუტი? ამის დადგენა ძნელია, თუმცა მისი თანამედროვე ვარიანტი აშშ - ში, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში დაიბადა. თავდაპირველად მისი წესებით საოჯახო და შრომითი დავების დროს სარგებლობდნენ. მოგვიანებით კი მისი აქტიური გამოყენება საქმიანმა წრეებმა დაიწყეს. მედიაცია მალე ავსტალიასა და კანადაშიც გავრცელდა, 80-იანი წლებიდან კი ფეხი დიდ ბრიტანეთშიც მოიკიდა. მედიაციის ინსტიტუტი დღეს უამრავი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის ნაწილია. შეერთებულ შტატებში დავების გადაწყვეტის ეროვნული ინსტიტუტი მოქმედებს. მისი მიზანი მედიაციის ახალი ფორმების დახვეწაა. დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ამერიკის იურისტთა ასოციაცია (American Bar Association) ცამეტი ათასზე მეტ სპეციალიტს აერთიანებს. დიდ ბრიტანეთში მედიაციის განვითარებაში უდიდეს როლს თავად სასამართლო ასრულებს. ამისთვის ქვეყანაში დავების ეფექტური გადაწყვეტის ცენტრი და არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრი მოქმედებს. საქართველოში მედიაციის ინსტიტუტი, თავიდან საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება, თამარ ზამბახიძის თქმით სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს აქტიურად დააკვირდება, რათა შემდგომ სისტემის სრული მაშტაბით ამოქმედებისას ყველა ის პრობლემური საკითხი გაითვალისწინონ, რომელიც საპილოტე რეჟიმში გამოვლინდება.