მოსახლეობის 72%-ი ქალის მოვალეობად ოჯახის მოვლას მიიჩნევს - გენდერული კვლევის შედეგები საქართველოში

 
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ ხუთი წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 1760 ადამიანი პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში კი ჩატარდა 16 ფოკუსური ჯგუფი ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებელ ქალებთან - 8 ჯგუფი ჩატარდა სამეგრელოში, ხოლო 8 - კახეთში. განცხორციელებული კვლევითი პროექტის სამი ძირითადი მიზანია: ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება; ქალთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობის, აღმოფხვრა; მოსახლეობის სექსუალური და რეპროდუქციული რეალიზაცია. გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის - ოჯახის ეკონომიკური უზრუნველყოფა. გამოკითხულთა 88% ფიქრობს, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობის აზრით, ეს არ არის იდეალური მდგომარეობა. გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ უმჯობესია ქალი არ მუშაობდეს ან, ''ქალისთვის შესაფერი'' სამუშაო ჰქონდეს. ''ქალისთვის შესაფერის'' პროფესიებად განიხილება - სკოლის პედაგოგი ან კერძო რეპეტიტორი, ფარმაცევტი, ექიმი, ჟურნალისტი, ბანკის ოპერატორი, ხელოვანი (დიზაინერი, მკერავი, მუსიკოსი), მცირე ბიზნესმენი, არასამთავრობო სექტორის და მომსახურების სფეროს წარმომადგენელი. ზოგადად, საზოგადოება არ არის ქალის დასაქმების წინააღმდეგი. მიიჩნევა, რომ დასაქმებული დედა ისეთივე თბილი და მზრუნველია შვილის მიმართ, როგორც დაუსაქმებელი. ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 75% იზიარებს. თუმცა ქალის დასაქმება მომენტალურად უარყოფით შინაარსს იძენს მაშინ, როდესაც სამსახურის გამო ოჯახისთვის ნაკლები დროის დათმობა უწევს. ამას მოწმობს გამოკითხულთა 77%-ის მიერ გაზიარებული მოსაზრება, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვის დედა უმჯობესია არ მუშაობდეს. გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაოჯახებისა და შვილების ყოლის შემდეგ, უმჯობესია, ქალმა ნახევარი განაკვეთით იმუშაოს. კახეთსა და სამეგრელოში ჩატარებული ფოკუსური ჯგუფების შედეგების მიხედვით, სკეპტიკურია დამოკიდებულება ქალების მიერ ძიძის აყვანის მიმართაც. გამოკითხულთა დიდი რაოდენობა თვლის, რომ ქალმა საკუთარი შვილი ძიძას არ უნდა გააზრდევინოს. კვლევამ აჩვენა, რომ კარიერა მამაკაცისთვის უფრო მნიშვნელოვნია, ვიდრე ქალისთვის. თუმცა გამოკითხულთა საკმაოდ დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის კარიერა ოჯახზე პრიორიტეტული არ უნდა იყოს. კვლევის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ სამსახური და მაღალი ანაზღაურება მამაკაცს უფრო სჭირდება, ვიდრე ქალს. გამოკითხულთა მხოლოდ 3% მიიჩნევს, რომ სამსახურის ქონა ქალს უფრო სჭირდება. რესპოდენტთა 48% მიიჩნევს, რომ მამაკაცს უფრო მეტი ანაზღაურება სჭირდება დასაქმებისას, მაშინ როცა ქალისთვის უფრო მაღალი ანაზღაურების საჭიროებას გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტი ხედავს. კითხვაზე - თუ რატომ სჭირდება მამაკაცს სამსახური და მაღალი ამაზღაურება ქალზე უფრო მეტად - პასუხად რამდენიმე ვერსია გამოიკვეთა: კაცი ოჯახის მარჩენალია და ამიტომ აუცილებელია ჰქონდეს სამსახური და მაღალი ხელფასი; ქალს შეუძლია თვითრეალიზაცია ოჯახში მოახდინოს, კაცისთვის კი რეალიზაციის სფერო კარიერაა; მამაკაცსა და ქალს განსხვავებული ბუნება და უნარები აქვთ - კაცი ოჯახის გარეთ საქმიანობაში უფრო წარმატებულია. ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტს იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ ქალის სფერო ოჯახია, ხოლო მამაკაცმა კარიერაზე უნდა იზრუნოს, წარმოადგენს ის, რომ მამაკაცს კარიერაში უფრო დიდი წარმატების მიღწევის პოტენციალი აქვს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, ქალმა ოჯახს მიხედოს. მიიჩნევა, რომ ქალისთვის - დიასახლისის, ხოლო კაცისთვის ოჯახის მარჩენალის როლი მათი მონაცემების შესაბამისია. გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ კაცი უკეთესი ბიზნესლიდერია, ვიდრე ქალი. ასევე, რესპოდენტთა 36% თვლის, რომ სამსახურში კაცი უფრო მუყაითად მუშაობს. გამოკითხულთა 50% იზიარებს მოსაზრებას, რომ კაცი უკეთესად ხელმძღვანელობს ნებისმიერ ორგანიზაციას, ვიდრე ქალი. კვლევის ფარგლებში განიხილებოდა ოჯახის სტრუქტურა და ოჯახში ქცევის წესები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახლში არსებული საქმე, რომელიც ოჯახის წევრების მოვლასა და სახლის წესრიგში ყოფნას უკავშირდება, ძირითადად ქალის მოვალეობაა. გამოკითხულ ქალთა მხოლოდ 17% მიიჩნევს, რომ საშინაო საქმეებს კაციც და ქალიც თანაბრად უნდა ინაწილებდეს, მაშინ როდესაც იმავეს იზიარებს კაცების 24%. აღმოჩნდა, რომ ბაზარში სიარული ქალსაც და კაცსაც თანაბრად მოეთხოვებათ, ხოლო საჭმლის მომზადება ყოველთვის ქალის მოვალეობაა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებში, კაცი ყველაზე მეტად შვილის ექიმთან ვიზიტში იღებს მონაწილეობას. მამაკაცების 44%-ის განცხადებით, ბავშვი ექიმთან მეუღლესთან ან პარტნიორთან ერთად თითქმის თანაბრად დაჰყავთ. ამ მოსაზრებას ქალების 38 პროცენტი იზიარებს. რაც შეეხება ბავშვის ყოველდღიურ მოვლას, დაძინებას და მასთან ავადმყოფობის დროს დარჩენას, ეს ტვირთი უმეტესად ქალების კისერზეა. ქალების 63% თვლის, რომ ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ საქმეში, კაცებზე გაცილებით მეტს აკეთებენ. ფოკუსჯგუფების მონაწილეების ნაწილი აღნიშნავდა, რომ კაცისთვის ''ქალების'' საქმის გაკეთება მიუღებელია და ეს ''ქალის სირცხვილია''. ასევე, ზოგიერთი ქალის აზრით, კაცი, რომელიც ჭურჭელს რეცხავს ან სახლს ალაგებს ''კარგავს მამაკაცურობას'' და ნაკლებად პატივსაცემი ხდება. ღირებულებათა იერარქიაში 89%-ით ქალებისა და მამაკაცების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ოჯახი პირველ ადგილას დგას. არსებობს წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ქართული ოჯახი. კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობის (88%) აზრით, იდეალურ შემთხვევაში ოჯახის მარჩენალი კაცი უნდა იყოს. მხოლოდ 1 პროცენტი თვლის, რომ ეს ფუნქცია ქალმა უნდა შეითავსოს. 11% მიიჩნევს, რომ მამაკაცსა და ქალს თანაბრად უნდა შეჰქონდეთ წვლილი ოჯახის რჩენაში. აღნიშნულ საკითხზე ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის თვალშისაცემი განსხვავება არ შეინიშნება. ქალაქის მოსახლეობის 86%, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებების 90% მიიჩნევს, რომ ოჯახის მარჩენალი მამაკაცი უნდა იყოს. მამაკაცების 62%, ხოლო ქალთა 36% მიიჩნევს, რომ ოჯახში მამაკაცი უნდა იღებდეს მთავარ გადაწყვეტილებას. ქალთა 62%-ს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებები ოჯახში ქალმაც და კაცმაც თანაბრად უნდა მიიღონ. ამ მოსაზრებას კაცების მხოლოდ 37% ეთანხმება. გამოკითხულთა 92% იზიარებს მოსაზრებას, რომ ოჯახზე ზრუნვა ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლია. ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ, 72% მიიჩნევს, რომ კაცის საქმე - მუშაობა და ოჯახის შემოსავლით უზრუნველყოფა, ხოლო ქალის - სახლისა და ოჯახის მოვლაა. კვლევის შედეგებმა აჩვემა ისიც, რომ ქალების დიდ ნაწილს აქვთ დაბალი თვითშეფასებისა და მორჩილებისკენ მიდრეკილება. ქალების 38, ხოლო მამაკაცთა 54% მიიჩნევს, რომ ცოლმა ოჯახის შენარჩუნების მიზნით გარკვეული შეურაცხყოფა უნდა აიტანოს. აქ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროცნეტულად ოჯახის შენარჩუნების მიზნით ქალმა მეტი შეურაცხყოფა უნდა აიტანოს, ვიდრე მამაკაცმა. თვისობრივი კვლევის ფარგლებში მონაწილე რესპოდენტების მიერ გამოხატული მოსაზრებების საფუძველზე შედგა ქართველი ქალის ხატი, რომელიც უნდა იყოს: ოჯახისათვის თავდადებული, ოჯახის ერთგული, ქმრის მორჩილი, კდემამოსილი, პატიოსანი/წესიერი, ტრადიციების მიმდევარი, კარგი დიასახლისი და სხვა. რაც შეეხება განათლების უფლებას, ამ საკითხში ქართული საზოგადოება უფრო მეტადაა თანასწორობის მომხრე. გამოკითხულთა 72 პროცენტი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საუნივერსიტეტო განათლება ვაჟებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გოგონესთვის, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი - 26% მიიჩნევს, რომ მამაკაცს მეტად სჭირდება უმაღლესი განათლება. იმ შემთხვევაში თუ ოჯახს ჰყავს გოგონა და ვაჟი და მათ შეუძლიათ უმაღლესი განათლების გადასახადი გადაუხადონ მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს, გამოკითხულთა 44% აცხადებს, რომ თანხას ვაჟს გადაუხდიდა, ხოლო 22% გოგოსთვის მიიჩნევს თანხის გადახდას მართებულად. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 18 - 24 წლის ახალგაზრდების ნაკლები წილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ქალი უფრო ბავშვის მოვლით უნდა იყოს დაკავებული და არა პროფესიული წინსვლით (48%), მაშინ როდესაც სხვა ასაკობრივი კატეგორიების 58 ან მეტი პროცენტი ეთანხმება ამ მოსაზრებას. საქართველოს პარლამენტის წევრი მანანა კობახიძე ამბობს, რომ ის რეალობა, რაც საქართველოში სტერეოტიპებთან დაკავშირებით დამკვიდრდა, მისთვის სრულიად ნაცნობია. გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ განათლების კუთხით უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის სწორად მიწოდებაში. ''ვერ ვიტყვი, რომ ისეთი შედეგი გამოვლინდა, რაზეც ჩვენ არ გვიფიქრია და რაც არ გვაქვს ასახული ჩვენს სამოქმედო გეგმაში. გენდერული საკითხები არის ჩვენი დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. პრემიერის აპარატში დაინიშნება კონკრეტული პირი, რომელიც გარკვეულ უწყებათაშორის კომისიის დონეზე პასუხისმგებელი იქნება გენდერულ საკითხებზე. ეს ხელს შეუწყობს ყველა მთავარი პრიორიტეტის გამოკვეთას და ამ კვლევის არასახარბიელო შედეგების დაძლევას'', - ამბობს მანანა კობახიძე.