მოსახლეობის 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს - NDI

 
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2018 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შეკითხვაზე - უნდა მოხდეს თუ არა ქვეყანაში მარიხუანის ლეგალიზაცია? გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს, 18% მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს, ხოლო 8%-მა არ იცის.  შეკითხვაზე - უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანის, ინტრავენულის, აბებისა და ა.შ.) პირადი მოხმარების გამო? - 54% მიიჩნევს, რომ არ უნდა მოიხადოს ადამიანმა ამისთვის სასჯელი, 40% ფიქრობს, რომ უნდა მოიხადოს, ხოლო 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.  NDI-ს გამოკითხვა „გირჩის" ლიდერების სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩატარდა. _____________________________________________________ საზოგადოების განწყობა საქართველოში 2018 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგები  NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა.  კვლევა წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. საველე სამუშაოების თარიღები: 23 ივნისი - 8 ივლისი, 2018. 2409 დასრულებული ინტერვიუ (49% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%  მეთოდოლოგია  NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს  სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად  კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა  შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით  რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით  არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება  ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.