"მოსამართლეთა ერთობა" საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უარყოფითად აფასებს

 
"საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შესარჩევად ჩატარებულ კონკურსს უარყოფითად აფასებს. კრიტიკის ძირითადი მიზეზი პროცესის ბუნდოვანება, საბჭოს წევრთა მხრიდან გამოვლენილი დაუფარავი მიკერძოება და კრიტიკის სრული მიუღებლობაა. ერთობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების მხრიდან  ამ ორგანოს მიმართ უნდობლობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც  პირდაპირპროპორციულად აისახება სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩვენებლზე.  "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" შეფასებით, მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე შესარჩევად განაცხადების მიღების მომენტიდან, კენჭისყრის ჩათვლით ყველა ეტაპი იუსტიციის საბჭომ პროცედურული დარღვევებით ან არათანმიმდევრული ქმედებებით წარმართა. კერძოდ, საბჭომ გაახანგრძლივა ვაკანსიებზე განცხადების მიღების ვადა, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. ამასთან, ერთობის შეფასებით, კანდიდატებთან გასაუბრების  ეტაპი  ემსახურებოდა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას და არა კანდიდატის პროფესიული თუ პიროვნული უნარ–ჩვევების გამოვლენასა და საუკეთესოს აღმოჩენას. "გასაუბრების პროცესში იუსტიციის საბჭოს წევრები ვერ აკმაყოფილებდნენ მიუკერძოებლობის სტანდარტს, ვერ მალავდნენ  წინასწარშექმნილ დადებით თუ უარყოფით განწყობას მონაწილე კანდიდატის მიმართ,  რაც დასმულ შეკითხვებზეც აისახებოდა. რიგ შემთხვევაში, კანდიდატს თავიდან არიდებდნენ  სამართლებრივ კითხვებს, ცდილობდნენ თავად განემუხტათ კითხვის უპასუხოდ დატოვებისას კანდიდატისთვის შექმნილი უხერხულობა. ერთ შემთხვევაში კანდიდატის პოლიტიკური შეხედულებითაც კი დაინტერესდნენ და მის მიერ არჩევნებში მხარდაჭერილი პოლიტიკური სუბიექტის იდენტიფიცირებას  შეეცადნენ". "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობდნენ იუსტიციის სკოლის კურსდამთავრებულები, მოსამართლეები, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, მოქმედი მოსამართლეები, მათ შორის ვისაც უფლებამოსილების ათწლიანი ვადა არ ეწურებოდა უახლოესი არათუ თვეების, ზოგ შემთხვევაში წლების განმავლობაშიც, ასევე ის მოქმედი მოსამართლეები, რომელსაც სამწლიანი უფლებამოსილების ვადაც კი არ ჰქონდათ ამოწურული.   "ორ ყოფილ  მოსამართლეს შორის კონკურენციისას, საბჭოს წევრები, მათ შორის თავად მოსამართლეებიც, მიზანმიმართულად არ აძლევდნენ არც ერთ კოლეგას ხმას,  რის  შედეგად ბიულეტენი ბათილად ცხადდებოდა და ადგილები ვაკანტური დარჩა. სამაგიეროდ, წინმსწრებად, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, დაინიშნა ზოგიერთი,  ჯერ კიდევ მოქმედი მოსამართლე, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ეწურებოდათ მომდევნო ერთი, ორი, სამი წლის  განმავლობაში. არსებობს შემთხვევაც, როცა კონკურსში გაიმარჯვა და ვაკანტურ ადგილზე გამწესდა მოსამართლე, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 5 წელი ჰქონდა დარჩენილი.  ორტურიანი კენჭისყრის შედეგად  არ დანიშნეს წლების განმავლობაში იმავე პოზიციებზე ნამუშევარი მოსამართლეები, მათ შორის 10 წლიანი სამოსამართლეო სტაჟის მქონენი და დანიშნეს ისინი ქვემდგომ ინსტანციაში, ან საერთოდ არსად, ხოლო მათ პოზიციებზე დანიშნეს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მოსამართლეები, რიგ შემთხვევებში სპეციალიზაციის გათვალისწინების გარეშე". ერთობის ინფორმაციით, ცალსახად უარყოფითი შეფასება მიიღეს და გამსვლელი ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვეს იმ კანდიდატებმა, ვინც იუსტიციის საბჭოს ქმედებები ღიად გააკრიტიკა. "ჩანს, იუსტიციის საბჭოს წევრებს არ შესწევთ განსხვავებული მოსაზრების მიმართ ტოლერანტული მიდგომის უნარი. საბოლოოდ ვიღებთ ისეთ ვითარებას, როცა საქმეთა (დავების) მატების პირობებში მოსამართლეთა რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოდ მატულობს. იუსტიციის საბჭოს მიერ კონკურსის ჩატარების ძირითადი მიზანი კი, მათ  მიმართ ლოიალურად განწყობილ მოსამართლეთა პირობების გაუმჯობესებაა, როგორც სასურველ სასამართლოში გადაყვანის, ასევე უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების გზით,  და განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების განდევნა სისტემიდან". "მოსამართლეთა ერთობა" საგულისხმოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოქმედი იუსტიციის საბჭოს პირობებში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და დანიშვნაზე უარი ეთქვა 20–მდე გამოცდილ მოსამართლეს და არაერთ იუსტიციის სკოლის კურსდამთავრებულს. ერთობის ინფორმაციით, წელიწადზე მეტია იუსტიციის სკოლაში არც ერთი მსმენელი არ ჩარიცხულა და უსასრულოდაა შეჩერებული ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოცხადებული კონკურსი.  "იუსტიციის საბჭოს საქმიანობა ვერასდროს დააკმაყოფილებს გამჭირვალობის საკმარის მოთხოვნებს, სანამ მას არ ექნება დასაბუთებული გადაწყვეტილებები. იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის თავის არიდება, იმ მოტივით, რომ კანონით ეს სავალდებულო არ არის, კიდევ უფრო აღრმავებს ამ ორგანოს მიმართ კითხვებს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს  საბჭოს წევრთა მხრიდან მის გადაწყვეტილებებზე  ეფექტიანი სამართლებრივი კონტროლის არარსებობით სარგებლობას და მხოლოდ საკუთარი ნება–სურვილით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების მიღებას". "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" შეფასებით, საერთო ჯამში, იუსტიციის საბჭო შეეცადა  რამდენიმე კომპეტენტური მოსამართლის დანიშვნით, და საზოგადოებაში გახმაურებულ საქმეთა განმხილველ მოსამართლეთა ხელახლა დანიშვნაზე უარის თქმით, გადეფარა საბჭოს წევრების მოქმედებების მიმართ ლოიალურად განწყობილი, მეგობრულ და ნათესაურ კავშირში მყოფი კადრებით სისტემის დაკომპლექტების ტენდენცია და განსხვავებული აზრის დევნა.