მთავრობა ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე ევროკომისიის დირექტივის დამტკიცებას გეგმავს

 
საქართველოს მთავრობის წინაშე წარდგენილი პროექტი „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ პროექტი დაამტკიცა, რომელიც ღორის იდენტიფიკაცია- რეგისტრაციასა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის განსაზღვრას ითვალისწინებს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, დადგენილების პროექტის მომზადება განპირობებულია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის („სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. სამინისტროში „ლიბერალს" განუმარტეს, რომ პროექტი მომზადებულია ევროკომისიის 2008/71/EC დირექტივის კოდიფიცირებული ვერსიის შესაბამისად. ასევე, რეესტრისა და მონაცემთა ელექტრონული ბაზისათვის საჭირო ინფორმაციის განსასაზღვრად გამოყენებული იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება N2000/678. პროექტი ითვალისწინებს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მისი სადგომის რეგისტრაციის, სადგომის წიგნაკის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესის შემოღებას, სახელმწიფო კონტროლის პირობებს და შემზღუდავ ღონისძიებებს. წესი არ გავრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ჰყავს ერთი ღორი საკუთარი გამოყენებისა და მოხმარებისთვის, ვიდრე არ დაექვემდებარება გადაადგილებას. განმარტებითი ბარათის თანახმად, ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მისი სადგომის რეგისტრაციის მიზანს წარმოადგენს ღორის და მისი სადგომის შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, აღრიცხვიანობის რეგულირება, სრული ინფორმაციის ფლობა და მიკვლევადობა, ღორის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ღორისგან მიღებული პროდუქტების წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ, ქვეყნის შიგნით ღორის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლი და სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფა. ღორის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ელემენტებია: ნიშანდება, სადგომის რეგისტრაცია და სადგომის წიგნაკი, გადაადგილების დოკუმენტი და მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო 2018-2021 წლებში, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გეგმავს, ხოლო 2022 წლიდან კი -მესაკუთრის ხარჯით. დადგენილება დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შედის.