მუხთარლის ადვოკატებმა წერილობით მიმართეს მთავარ პროკურორს, რომ ეს საქმე მათ გამოიძიონ

 
აფგან მუხთარლის ადვოკატებმა მთავარ პროკურატურას წერილობით მიმართეს, აზერბაიჯანის ჟურნალისტის გაუჩინარების საქმე მათ გამოიძიონ. რადგან შესაძლოა, საქმეში პოლიციელების დანაშაული იკვეთებოდეს. მათი განმარტებით, კანონით დადგენილი ნორმებიც ამას ითვალისწინებს.  „ამაზე კეთდებოდა კონკრეტული განცხადებები. შემდგომში უკვე კონკრეტული ფაქტებიც გახდა ცნობილი, რომ აფგან მუხთარლი ფორმიანმა ადამიანებმა გაიტაცეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. სწორედ აქედან გამომდინარე, არსებობდა სრული საფუძველი, რომ ეს საქმე გამოეძიებინა მთავარ პროკურატურას. დღეს უკვე წერილობით თხოვნით მივმართეთ მთავარ პროკურორს, რომ ეს საქმე გამოიძიოს მთავარმა პროკურატურამ. ასევე ჩვენი მოთხოვნაა, მოგვეცეს საშუალება, გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ისინი გვეუბნებიან, რომ არავითარი სტატუსი მუხთარლს არ აქვს, რაც ფორმალური საკითხია და ეს საკითხიც არის გადასაწყვეტი. ეს ყოველივე ერთად აღებული აჩენს უნდობლობას გამოძიების მიმართ. ჩვენ გვინდა, რომ ვენდობოდეთ გამოძიებას და გვაქვს სურვილი, დანაშაულის გამოძიების“,- აცხადებს ადვოკატი.