მუსტაფაევა: სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შიდაპატიმრობით შეცვლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

 
აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ აფგან მუხთარლისთვის წინასწარი პატიმრობის შიდაპატიმრობით შეცვლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ავრცელებს. იგი დაკავებულის ადვოკატზე, ელჩინ სადიგოვზე დაყრნობით ამბობს, რომ მუხთარლი ამ დრომდე ითხოვს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან შეხვედრას, რომლისგანაც შეკითხვებზე პასუხის მიღება სურს. „აფგან მუხთარლის წინააღმდეგ საქმე Meydan TV-ის წინააღმდეგ დაწყებულ საქმესთან გააერთიანეს. ადვოკატის გარდა, მასთან შეხვედრის საშუალებას არავის აძლევენ. ამ დრომდე პრობლემურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამედიცინო დახმარება ჯერაც არ მიუღია“ - წერს ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.  ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.  საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს.