მზის მაგნიტური ველი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

 
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის მაგნიტური ველი ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. აბერისტვისის უნივერსიტეტის (უელსი, გაერთიანებული სამეფო) მზის ფიზიკის კვლევითი ჯგუფის წევრი, დოქტორი დავით ქურიძე (ასევე ილიას უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევის კონსულტანტი) ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია, რომელიც სახმელეთო ტელესკოპების საშუალებით მზის გვირგვინს შეისწავლის.  კუნძულ ლა-პალმაზე (კანარის კუნძულები) მდებარე როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორიაში შვედური მზის ტელესკოპის საშუალებით ის დააკვირდა განსაკუთრებულად ძლიერ ამოფრქვევას, რომელიც მზის ზედაპირიდან 2017 წლის 10 სექტემბერს მოხდა. „Astrophysical Journal“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დავით ქურიძე აღნიშნავს, რომ შესაფერისი პირობების თანხვედრისა და გარკვეულწილად იღბლის წყალობით მკვლევართა ჯგუფმა შეძლო უპრეცედენტო სიზუსტით განესაზღვრა მზის გვირგვინში მაგნიტური ველის სიდიდე. მეცნიერის რწმენით, ამ მიგნებამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენები მზის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ.  „ყველაფერი, რაც მზის ატმოსფეროში ხდება, მაგნიტური ველით არის განპირობებული, თუმცა, ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს მისი სიდიდისა და სივრცითი მახასიათებლების შესახებ, – აღნიშნავს დოქტორი ქურიძე, – ეს არის საკვანძო პარამეტრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მზის გვირგვინის კვლევაში. ამ მონაცემების გაუთვალისწინებლად მზის გვირგვინის კვლევა დაახლოებით იგივეა, რაც დედამიწის კლიმატის შესწავლა სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში ტემპერატურის გაზომვის შესაძლებლობის გარეშე. უნიკალურმა დაკვირვებებმა პირველად მოგვცა საშუალება, ასეთი სიზუსტით გაგვეზომა მზის მაგნიტური გვირგვინის სტრუქტურული ელემენტების – კორონალური მარყუჟების მაგნიტური ველი”. მზის გვირგვინი მზის დიამეტრი 1,400,000 კილომეტრია (დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ მეტი). მზე დედამიწიდან 150, 000 ,000 კილომეტრით არის დაშორებული, ხოლო მისი გვირგვინი ზედაპირიდან რამდენიმე მილიონ კილომეტრზე ვრცელდება. სტატიის დანარჩენი თანაავტორები მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ კვლევით ცენტრებში, ესენია: ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტი; ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტი, ესპანეთი; შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტი; ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტი; სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიის ინსტიტუტი; სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მზის ფიზიკის ინსტიტუტი, შვედეთი; გრაცის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტი, გეოფიზიკის, ასტროფიზიკისა და მეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ავსტრია; ფრაიბურგის კიპენჰოიერის სახელობის მზის ფიზიკის ინსტიტუტი, გერმანია.