,,ნაბიჯ-ნაბიჯ რღვევის ისტორია“
რიყეზე თითქმის დასრულებულია იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის დაპროექტებული თეატრის მშენებლობა, თუმცა ამ შენობებით საზოგადოების ნაწილი აღშფოთებულია კონსტრუქციების დაშლის მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გაიმართა.
“ლიბერალი” თბილისის არქიტექტურის ზოგადი ტენდენციების შესაებ ქალაქდამგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძეს ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით ქალაქის ცენტრალურ უბანში ფუქსასის კონსტრუქციის გამოჩენას?
ეს შენობები გარემოს არ შეესაბამება. არქიტექტურული თვალსაზრისით კონტექსტიდან ამოვარდნილია. ეს უკვე საკმარისი არგუმენტია, რომ ასეთი შენობა არ აშენებულიყო. მაგრამ არქიტექტურულ მხარეზე მნიშვნელოვანი ის ფაქტორია, რომ მსგავსი შენობების აგება საზოგადოების ზურგს უკან წყდება. მოქალაქეებს, ვისთვისაც ეს ქალაქი და უბანი სამშობლოა, მათი საცხოვრებელი გარემოს გარდაქმნისას არავითარ ანგარიშს არ უწევენ. მათ ქედმაღლურად ეპყრობიან. ეს არის ტოტალიტარიზმის, ძველი აზროვნების გამოხატულება. შეიძლება ითქვას, ფეოდალური აზროვნებისაც კი. ფეოდალი თავის თავზე იღებდა თავისი ქვეშევრდომებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. მაგრამ ასეთი მიმართებების დრო დიდი ხანია გავიდა.
საქართველოში ბოლო წლებში მასობრივად აშენდა პოლიციის გამჭვირვალე შენობები, ასეთივეა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა. რა ფენომენია გამჭვირვალობისკენ სწრაფვა არქიტექტურაში?
ცოტა უხერხული და გულუბყვილო ახსნაა, რომ გამჭვირვალე შენობების მიზანი სტრუქტურების მუშაობის გამჭვირვალობაა. ეს დილეტანტური ტყუილია. საერთოდ, ის მიდგომა ხელოვნებასა და არქიტექტურაში, რომ ხელოვნების რომელიმე ნაწარმოები რაიმეს გამოხატავს და ლიტერატურული შინაარსი აქვს, ანტიხელოვნებაა. მინის და ლითონის ინტენსიური გამოყენება 60-იან წლებში დაიწყო, მაგრამ ამას მხოლოდ გამომსახველობითი, დატვირთვა აქვს. ამ მასალის გამოყენებით მიიღწევა კონსტრუქციის სიმსუბუქე აღქმის თვალსაზრისით. ეს მხოლოდ ხელოვნების სფეროა და ახსნა პოლიციის მუშაობის გამჭვირვალობის არგუმენტით , სასაცილოა.
ზოგადად, ეს პოლიციის შენობები უცხო სხეულებია ქალაქის ქსოვილში. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო თაბუკაშვილის ქუჩაზე აშენებული შენობა _ ეს არის ძალიან კარგი გამოხატულება, თუ როგორ ანგრევენ ქალაქის სივრცულ ქსოვილს.
ქალაქს თავისი სივრცული სტრუქტურა აქვს, რომელიც ძირითადად ქუჩებით, მოედნებითა და შიდაეზოებითაა აგებული. ადგილის ასეთი მოტიტვლებით და იქ მსგავსი შენობის ჩადგმით ანგრევენ ქალაქის სივრცულს სტრუქტურას და ამდენად, ქალაქს ხასიათს, ქალაქურ სახეს უკარგავენ.
როგორია ქალაქური ხასიათი?
ქალაქი არის თემი, სოციუმი, რომელმაც ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. ის საკუთარი სოციალური სხეულის გარშემო იქმნის სამოსს თავისი შენობებით, გზებით, პარკებით… მატერიალური ქალაქი არის ქალაქის სოციალური სხეულის სამოსი, იქ მცხოვრები თემის გამოვლინება.
ამ თემის ცხოვრების ხასიათი შეიძლება იყოს ქალაქური ან არაქალაქური, სოფლური. მით უფრო ქალაქურია ცხოვრება, რაც უფრო მეტადაა პოლარიზებული კერძო და საზოგადოებრივი შინაარსები, ქცევის ხასიათები თემში. მაგალითად, ქუჩა არის გამოხატული საზოგადოებრივი დანიშნულებებისა და ფუნქციების სივრცე. მისი საპირისპირო კი არის კერძო მიწის ნაკვეთი, ან სახლის შიდა სივრცე, სადაც ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც მისი პირადი საჭიროებები მოითხოვს. სხვადასხვა ოჯახებისთვის საერთო შიდა ეზოები კი ნახევრადსაზოგადოებრივი სივრცეებია, რომლებიც ერთგვარ გარდამავალ წევრს ქმნიან კერძო და საზოგადოებრივ სივრცეებს შორის.
ქალაქურ სტრუქტურას ქმნიან კერძო, მნახევრადსაზოგადოებრივი და საზოგადოებრივი სივრცეები, რომლებიც გარკვეული სისტემით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. სწორედ ამ ქალაქური სტრუქტურის დანგრევაზე ვსაუბრობ პოლიციის შენობების შემთხვევაში.
როგორ უნდა დაბალანსდეს საზოგადოებრივი და კერძო, კომერციული სივრცეების განაწილება ქალაქში, რა პრინციპები არსებობს ქალაქდაგეგმარებაში?
თითოეული გადაწყვეტილება კონკრეტული სივრცული და სოციალური სიტუაციის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული. ერთადერთი, რაც ზოგადად შეიძლება ითქვას, და რაც ყველა სიტუაციას შეესაბამება, ისაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აზრი უნდა გაითვალისწინონ და ამ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმუშაონ.
კომერციული დანიშნულების ობიექტები, ზოგადად, საზოგადოებრივ სივრცეს ამდიდრებს. ასევეა სავაჭრო, კულტურული თუ სოციალური დაწესებულებები. ეს ყველაფერი სოციალური გარემოს კომპონენტებია და საზოგადოებრივ სივრცეში უნდა იყოს განთავსებული. უბრალოდ, საკითხავია, რომლი დაწესებულება რა ადგილას უნდა იყოს განთავსებული. სწორედ ამიტომ არსებობს ქალაქგეგმარება, რომელმაც სივრცულ მიმართებათა გარდა უნდა განსაზღვროს რა ფუნქციის დაწესებულებებს საჭიროებს სოციუმის მოთხოვნები და მისწრაფებები კონკრეტულ ადგილას.
არქიტექტურული საკითხიც არ შემოიფარგლება მხოლოდ შენობის მასალით, პროპორციებით ან ფერით, არამედ მისი ამოცანაა გარემოსთან ურთიერთობაც. უამისოდ არქიტექტურა წარმოუდგენელია. სწორედ ამ კომპონენტით გადაფარავენ ერთმანეთს ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურული ამოცანები.
ინარჩუნებს ამ ტენდენციას არქიტექტურა დღეისთვის?
ნაგებობები, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა, პოსტმოდერნის ეპოქის პირმშოებია. არსებობს ასეთი შენობების კარგი და ცუდი მაგალითები, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ცუდი მაგალითები გვაქვს, რამდენადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ავადმყოფურმა სოციალურმა პროცესებმა იმძლავრა. ვგულისხმობ ცალმხრივ, მსხვილ კაპიტალზე ორიენტირებულ გლობალიზაციას. ამ პირობებში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, შეიძლება ითქვას, კასტას, საშუალება მიეცა იბატონოს ადამიანების დიდ რაოდენობაზე სარგებლის მიღების მოტივით. გლობალიზაციამ ამ ადამიანებს შესაძლებლობა შეუქმნა მონახონ უფრო იაფი საწარმოო არეალები და იაფად დამზადებული პროდუქცია გაყიდონ იქ, სადაც ის ყველაზე ძვირია. მათი საქმიანობის ერთადერთი მოტივი ანგარებაა, რაც ეკონომიკის იდეალს, ძმობას პრინციპულად ეწინააღმდეგება. ეკონომიკის მიზანი არის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და არა ვიღაცეების გამდიდრება. თუმცა, ესსწორედ ხდება ჰიპერტროფიული ფორმებით ბოლო 20 წლის განმავლობაში და ამ და ეს პროცესი აისახა არქიტექტურაშიც. ძირითადად ეს ვარსკვლავად აღიარებული არქიტექტორების შემოქმედებაში გამოიხატა. მათი დამკვეთები არიან ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ბატონობისკენ მიისწრაფვიან და დიდი, დომინანტი ტიპის შენობებით ძეგლებს იდგამენ. ამის მაგალითია კარიკატურული კუნძულები არაბეთის ზღვაში, სრულიან გაუგებარი მაღლივი შენობები ლონდონშიც კი. ეს შენობები, რომლებიც გარემოზე დომინირებენ, ფინანსური კაპიტალიზმის ბატონობის ძეგლებია. რამდენადაც ეს ბატონობა ბოლო 20 წლის განმავლობაში გამძაფრდა, არქიტექტურამაც შესაბამისი სახე მიიღო. ქალაქგეგმარებამ კი, როგორც სოციალურმა საქმიანობამ უკანა პლანზე გადაიწია და წინა პლანი დაიპყრო კერძო კაპიტალის დაკვეთის შემსრულებელმა არქიტექტურულმა საქმიანობამ, რომელიც სოციალურ საზრისს უკვე აღარ ატარებს.
ასე განვითარდა მოვლენები საქართველოშიც და სწორედ ამის გამოხატულებაა რიყეზე აშენებული ფუქსასის პროექტი. ეს ერთადერთი კრიტერიუმით გაკეთებული პროექტია, რომ ავტორმა დიდი ჰონორარი მიიღო და შექმნა ისეთი ესკიზი, რომელიც წარმოაჩენს ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ და არა ეკონომიკურ ძალაუფლებას საქართველოში, ნაციონალური მოძრაობის ძალაუფლებას. როცა ამ შენობების პროექტი ვნახე, არ მეგონა, რომ საზოგადოება მის აშენებას დაუშვებდა.
ბოლო წლებში თბილისში ორი შინაარსობრივად მსგავსი მონუმენტი დაიდგა თბილისის ცენტრალურ ადგილებში - წმინდა გიორგის მონუმენტი თავისუფლებიის მოედანზე და გმირთა მოედნის მონუმენტი. შეიძლება თუ არა ამ მონუმენტებსა და საბჭოთა სტილის მონუმენტებს შორის პარალელის გავლება?
რა თქმა უნდა. სხვათაშორის, თბილისის არქიტექტურაში გავრცელდა ნეოსტალინური სტილი. ეს ძალიან აშკარაა და კარგად გამოხატავს საქართველოში მიმდინარე სოციალ-პოლიტიკურ პროცესებს. ამ მონუმენტებს იდეოლოგიური დატვირთვა აქვს _ ცრუჰეროიზმის ტირაჟირება. ხელოვნებისთვის ეს თავსმოხვეული დატვირთვაა.
სტალინისტური არქიტექტურის მაგალითებია თუნდაც, მელიქიშვილის ქუჩაზე აშენებული, ჭონქაძის და ჩიტაძის კუთხეში აშენებული შენობები, ოქროს ზიზილპიპილოებიანი და საათიანი გუმბათი სანაპიროსა და ბარათაშვილის კუთხეში მდგარ შენობაზე.
ეს კარგად გამოხატავს, რომ რეჟიმი, რომელიც აქ იყო, ძალიან დაემსგავსა სტალინურს და არქიტექტურაში ამან უცებ ჰპოვა გამოხატულება. წმინდა გიორგის ძეგლი არის საზოგადოების იდეოლოგიზაციის იაფფასიანი, შეიძლება ითქვას, კარიკატურული გამოხატულება.
თვითონ სტალინური არქიტექტურის არსი როგორია, როგორ დაემსგავსა მას ბოლო წლებში თბილისის არქიტექტურა?
საბჭოთა კავშირში ხელოვნებისთვის ძალიან პროდუქტიული 20-იანი წლები, რუსული ავანგარდის წარმომშობი ეპოქა, 1930-წელს დასრულდა, როცა კომუნისტებმა საბჭოთა კავშირის დაშლის თავიდან აცილების მიზნით ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ნაცვლად დიქტატურა აირჩიეს.
1930-ში სტალინმა გამოსცა ასეთი დეკრეტი ,,ხელოვნებაში წარმმართველი ხაზის შესახებ” რომელიც არქიტექტურასაც ეხებოდა და ადგენდა, რომ უნდა მოხდეს ,,კლასიკური მემკვიდრეობის კრიტიკული ათვისება". სინამდვილეში ეს ნიშნავდა ავანგარდზე უარის თქმას და ძველი საბერძნეთის, რომისა და აღორძინებისდროინდელი ევროპის გამომხატველობითი ენის პირდაპირ გადმოღებას. ამ გარდატეხის მაგალითია არქიტექტორი შჩუსევი, რომელმაც დააპროექტა შესანიშნავი შენობა - ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში, ბათუმის ინტურისტი და იმელის შენობა თბილისში. იმელის შენობა არის დეკრეტის შემდგომი პროექტი - კლასიკური არქიტექტურის გამეორება, ვეებერთელა კაპიტელები და ა.შ.
ზუსტად ასეთივე იყო ფაშისტური არქიტექტურა იტალიასა და გერმანიაში. ის არქიტექტურული ნიმუშებიც ძალიან გავს სტალინურს. აქედან ჩანს, რომ მთავარი ფაქტორი ასეთ არქიტექტურაში დიქტატურა და ტოტალიტარიზმია, რომელიც გარემოს შესაბამისად აფორმებს.
თბილისშიც ამას ვხედავთ - თანამედროვე სტალინურ შენობებს, ჩუქურთმის ჰიპერტროფირებას, ფსევდოკლასიკის გადმოტანას, სრულიად გარეგნულად, დაბალ პროფესიულ დონეზე. ეს ბევრად ჩამოუვარდება სტალინის დროინდელ შენობებს, რომლებსაც კარგი არქიტექტორები აშენებდნენ და იმ ენაზეც კი ახერხებდნენ გამართული, პროპორციული წყობის შექმნას.
ზოგადად, როგორი ქალაქი გვაქვს დღეს, რა გავლენა დატოვა მასზე ვარდების რევოლუციის შემდგომმა თუ საბჭოთა თუ საბჭოეთამდე პერიოდმა?
საქართველოში შუასაუკუნეები ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ფაქტობრივად, რუსეთთან შეერთებამდე. რუსეთთან შეერთების შემდეგ კი ისევე, როგორც თავის დროზე ევროპაში, შუასაუკუნეებისდროინდელი ფარგლები ქალაქებმა ნახტომისებურად დატოვეს, გაიზარდნენ და ინდუსტრიალიზაციას აუწყვეს ფეხი. ასევე დატოვა ძველი ფარგლები თბილისმაც და მოიცვა ერთი მხრივ, გარეთუბანი და მეორე მხრივ - ჩუღურეთი და დიდუბე. ამის შემდეგ თბილისი უკვე თანამედროვე ევროპულ ქალაქებს დაემსგავსა თავისი მმართველობით, სივრცული ფენომენებით, ქუჩებით, კვარტალებით, კვარტალების შიდასივრცეებით და ნახევარსაზოგადოებრივი სივრცეებით. ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქმშენებლური მოვლენა იყო ამ დროს მიხეილის (დღევანდელი აღმაშენებლის) გამზირის ორსავე მხარეს საზოგადოებრივი პარკების შექმნა. არტოს ბაღი და გორკის პარკი ამ ძველი პარკების ნარჩენებია.
ეს ევროპული, სოლიდური, ჩვენი რეგიონისთვის საკმაოდ მდიდარი ქალაქი, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაიბარა და მოუვლელობით თანდათან ნგრევის პირას მიიყვანა. საბჭოთა დროიდან, ყოველ შემთხვევაში, სტალინიზმის დადგომიდან, თბილისში ძალიან ძნელი მოსაგონია სწორი ქალაქმშენებლური ნაბიჯები. ეს განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემერე გამძაფრდა. გადამწყვეტი კი იყო ძველი ქალაქის ნგრევა მარჯვენა სანაპირო მაგისტრალის ასაშენებლად. ჩვენ ერმაკოვის ფოტოებიდან ვიცით როგორი იყო ნგრევამდე თბილისი - მეტეხის და ვირის ხიდით დაკავშირებული სანაპიროები, მეტეხი და კალა. კალას მხარეს ნაგებობები მტკვარში ჩადიოდნენ - თაღებიანი ქარვასლები პირდაპირ წყალში იდგა. ეს განუმეორებელი ლანდშაფტი ომის შემდეგ ერთი ხელისმოსმით დაანგრიეს. და ასეთი ნეგატიური ჩარევები ქალაქის ჩამოყალიბებულ ქსოვილში დღემდე გრძელდება. თბილისის საბჭოეთის და პოტსაბჭოური დროის ისტორია ქალაქის მატერიალური და სოციალური დეფორმირების ისტორიაა. ქალაში გაჩნდა ეთნიკურად ქართველების დიდი რაოდენობა. ადრე კი ეთნიკური ქართველები უმცირესობა იყო. თბილისი იყო მულტინაციონალური, მულტიკულტურული ქალაქი. შემდეგ კი უკვე წვრილმანმა ნაციონალიზმმაც იჩინა თავი. სამწუხაროდ, თბილისის ისტორია 30-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე, ქალაქის სოციალური და მატერიალური გარემოს ნაბიჯნაბიჯ რღვევის ისტორიაა.
საბჭოეთის წლებში ქალაქის მულტიკულტურულ, მულტინაციონალურ თემს ნელ-ნელა პროვინციებიდან მიგრირებული ეთნიკური ქართველებით დომინირებული მოსახლეობა ჩაენაცვლა, რითაც ცხოვრების ქალაქური ყაიდა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამ დროს მოხდა ქალაქის ძლიერი ტერიტორიული ზრდა, რის შედეგადაც მის ჩრდილო და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში ამორფული, მთლიანობას მოკლებული წარმონაქმნების გაჩნდნენ.