ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ჩხეიძის საქმეზე მოსამართლე საკონსტიტუციოს წარდგინებით მიმართავს
გუშინ, 15 მაისს სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას „შპრიცში აღმოჩენილი" ნარკოტიკის კვალისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ჩხეიძეს მსჯავრი 0,000305 გრამ MDMA და 0,000106 გრამ მეტამფეტამინის ფლობისთვის ედება.
„ლიბერალთან“ საუბრისას მისი ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლე წარდგინებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში ჩხეიძის საქმის განხილვა შეჩერდება.
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული ირაკლი ჩხეიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
საკონსტიტუციო სარჩელით EMC სადავოდ ხდის მინიმალური ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების (0,000305 გრამი „მდმა“ და 0.000106 გრამი „მეტამფეტამინი“ (მარილი) ფლობის კრიმინალიზებას და ამ ქმედებისთვის, სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
„მსჯავრდება, რომელიც დაკავშირებულია ირაკლი ჩხეიძესთან, ეხება ისეთ მუხლში მსჯავრდებას, რომელზეც შესაძლებელია, არაკონსტიტუციური მდგომარეობა მივიღოთ. სააპელაციო განხილვის ეტაპზე ვიმყოფებით, ამის შემდეგ საკასაციო ინსტანციაა დარჩენილი, რომლის პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ დაუშვებლად ცნოს საჩივარი. რეალურად რომ ვთქვათ, სააპელაციო ეტაპზე მთავრდება ხოლმე ძირითადად პროცესი, ამიტომ შანსი უმცირდება მსჯავრდებულს...
ამიტომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC) ერთად, ერთობრივად მუშაობის შედეგად, მოვამზადეთ იურიდიული შეფასება, სასამართლოს წინაშე მოვამზადე შუამდგომლობა და დავაყენე პროცესზე.
მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე შეჩერდება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე არ მიიღებს გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ადვოკატმა.
ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული 28-ე დღეა, შიმშილობს - გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებაში
შპრიცში აღმოჩენილი ნარკოტიკის კვალისთვის მსჯავრდებული 8 დღეა შიმშილობს - ითხოვს საპროცესოს
ვიდეო ► 6 წელი შპრიცში აღმოჩენილი ნარკოტიკის კვალისთვის
პროკურატურა: მოშიმშილე მსჯავრდებულმა 2017 წელს საპროცესო შეთანხმების პირობაზე უარი განაცხადა