ნარკომოხმარების დეკრიმინალიზებისთვის - ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მომზადებული კანონპროექტი
ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ, რომელშიც 40-მდე ორგანიზაცია, სათემო ჯგუფები თუ ექსპერტები არიან გაერთიანებულები, ნარკოტიკების დეკრიმინალიზებისთვის კანონპროექტი მოამზადა. პლატფორმის მიხედვით, პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა, თუმცა ძირითადი პრინციპები მათ გუშინ ჯანდაცვის კომიტეტთან შეხვედრისას წარადგინეს.
ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების/მცირე ოდენობით შეძენა შენახვის დეკრიმინალიზაცია
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორის მიერ მომზადებული კანონპროექტით, ახლებურად განისაზღვრება მოხმარების დეფინიცია. კერძოდ, მოხმარებად მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების (აგრეთვე, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების) ორგანიზმში უშუალოდ შეყვანის პროცესი/ფაქტი.
ამ ქმედებისთვის კი აღარ იქნება გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაისჯება, ისიც მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში. კერძოდ, ადმინისტრაციული წესით დაისჯება კონკრეტული ნივთიერების საჯარო სივრცეში, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით მოხმარება, აგრეთვე, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მომეტებული რისკის შემცველი ქმედება ან პროფესიული საქმიანობა.
განმეორების შემთხვევაშიც, ზემოაღნიშნული ქმედებები დარჩება ადმინისტრაციულ გადაცდომათა ფარგლებში.
ამასთან, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯას დაექვემდებარება.
რაც შეეხება სანქციებს, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაზე, სანქციის სახით გათვალისწინებული იქნება ჯარიმა 100 ლარამდე, ხოლო ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე, ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, სხვადასხვა ჯარიმა იქნება, 300-ლარამდე ოდენობით.
იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება
პლატფორმა მიიჩნევს, რომ იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების საფუძვლები შეიძლება იყოს:
მათი პროექტის თანახმად, პირისთვის სამართალდამცავის მოთხოვნა ტესტირების გავლაზე სავალდებულო იქნება. თუკი სწრაფი ტესტირებით [და არა ბიოლოგიური მასალის ჩაბარება] გამოვლინდება დადებითი შედეგი, აღნიშნული უნდა დადასტურდეს ე.წ. კონფორმაციული ტესტით და შესაბამისი ნარკოლოგის დასკვნით კლინიკური თრობის შესახებ. მათი თქმით, საჭიროა, რომ ნარკოლოგიური ექსპერტიზის დაწესებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინსტიტუციურად გადავიდეს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
პლატფორმის პროექტით, იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში დადასტურებულად მიიჩნევა პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი.
ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების პირადი მოხმარების მიზნით ფლობის სისხლისსამართლებრივი მოწესრიგება
გუშინდელ შეხვედრაზე, ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმას არ წარმოუდგენია კონკრეტული რიცხვები - კონკრეტული ნარკოტიკისთვის რა ოდენობა უნდა იყოს მიჩნეული მცირე, დიდ და განსაკუთრებულად დიდ ოდენობად.
თუმცა პირინციპების დონეზე აღნიშნეს, რომ მათი პროექტით, ნარკოსცენაზე გავრცელებული აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებისთვის ადეკვატურად განისაზღვრება მცირე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.
მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის უკვე აღვნიშნეთ, რომ გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციული ჯარიმა 100 ლარამდე.
რაც შეეხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის ოდენობას [ანუ ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რაც საკმარისი იქნება სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად], ამ შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ხოლო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობებისთვის, შესაბამისი - ზრდადი პრინციპით თავისუფლების აღკვეთა. უფრო კონკრეტულად კი:
როგორი პრინციპით უნდა განისაზღვროს ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პლატფორმის მიერ მომზადებული პროექტით, აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებისთვის ადეკვატურად განისაზღვრება მცირე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რიგ ნარკოტიკულ საშუალებებზე არაა განსაზღვრული, თუ რა მიიჩნევა მცირე ოდენობად, შესაბამისად, როცა არ არის მცირე ოდენობა განსაზღვრული, ნებისმიერი რაოდენობა დიდ ოდენობად მიიჩნევა და სასჯელის ზომაც არაადეკვატურად დიდია. ამასთან, ექსპერტების თქმით, რიგ ნარკოტიკულ საშუალებებზე ასევე გადასახედია, რამდენად ადეკვატურადაა განსაზღვრული მისი მცირე ოდენობა.
შესაბამისად, პლატფორმა მიიჩნევს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სიები შემდეგი პრინციპით უნდა ჩამოყალიბდეს:
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები
ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გავრცელება
პლატფორმის განცხადებით, უფრო ნათლად მოწესრიგდება ნარკოტიკული/ფსიქოაქტიური ნივთიერების გავრცელების დანაშაულები და ერთმანეთისგან გაიმიჯნება გავრცელება კომერციული მიზნით და ასეთი მიზნის გარეშე. თავის მხრივ, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება კომერციული მიზნის გარეშე შედარებით ნაკლები სიმკაცრით დაისჯება, ვიდრე შემთხვევები, როდესაც გვაქვს კომერციული სარგებლის მიღების მიზანი:
ნარკოტიკის შემცველი მცენარის უკანონო მოყვანა, დათესვა, კულტივირება
ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთათვის დამატებითი უფლებრივი შეზღუდვები
პლატფორმას მიაჩნია, რომ უფლებების ავტომატურ რეჟიმში ჩამორთმევის მექანიზმი არ უნდა არსებობდეს. მათი თქმით, მოსამართლეს, საჭიროების შემთხვევაში, ისედაც შეუძლია მსჯავრდებულს შეუზღუდოს თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის (მათ შორის პროფესიული) უფლებით სარგებლობა.
შესაბამისად, „გაუქმდება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ავტომატურად უზღუდავს რიგ სამოქალაქო უფლებებს“.