„ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ - ქვეყანას უცხოელი ექსპერტები სტუმრობენ

 
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ორგანიზებით ხვალ სასტუმრო „ბილტიმორში“ გაიმართება კონფერენცია - „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ .  კონფერენცია სამ სამუშაო სესიას მოიცავს. პირველ სესიაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ნარკოპოლიტიკის რეფორმა - შემოთავაზებული ცვლილებები და მოსალოდნელი შედეგები; მეორე - ნარკოპოლიტიკის რეფორმის საერთაშორისო გამოცდილება; მესამე - ზრუნვის სერვისების განვითარება. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გასაცნობად კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი ექსპერტები: ოენ კუგლი - ნარკოპოლიტიკის სამეცნიერო ანალიტიკოსი (EMCDDA), რიკარდო ბაპტისტა ლეიტე - პორტუგალიის პარლამენტის წევრი, ფრანსუა გაგნონი - კვებეკის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი (კანადა), ელისაბეთ ავრილი - „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი“. დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ გამოსვლები შემდეგ თემაზე: „ნარკოპოლიტიკის შეფასება - შვიდსაფეხურიანი სახელმძღვანელო"; „დეკრიმინალიზაცია პორტუგალიაში - რა შეიძლება ვისწავლოთ"; „დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა და პრაქტიკა - საფრანგეთის გამოცდილება"; „ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა: კვებეკისა და კანადის გამოცდილება".