ნაცვლიშვილი: ეს მოხდა იმიტომ, რომ დაუსჯელები დარჩნენ 10 ათასობით კადრის ჩამწერი პირები
"დღევანდელი შემთხვევა მოხდა იმიტომ, რომ სამწუხაროდ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები "ეს შენ გეხებას" ფარგლებში ვსაუბრობდით ამ ტიპის დანაშაულებზე საჭირო რეაგირების შესახებ, ჩვენ ძირგამომრთხრელებს გვეძახდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი"- ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა "პირველი TV-ის" ეთერში განაცხადა.
მან დღევანდელი შემთხვევის გამომწვევი რამდენიმე სხვა მიზეზიც დაასახელა, მათ შორის ის, რომ დაუსჯელი დარჩნენ 10 ათასობით კადრის ჩაწერაზე პასუხისმგებელი პირები. ასევე ის, რომ უახლოეს წარსულში შანტაჟის შესახებ არაერთი საჯარო პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან რეაქცია ან საერთოდ არ იყო, ან უსუსური და არაადეკვატური იყო.
"ეს მოხდა იმიტომ, რომ როდესაც საქართველოს რეგიონებში, შუა ქუჩებში აჩვენებდნენ ფარულ კადრებს, მათ შორის თანამდებობის პირთა ჩართულობით, ამაზე პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ",- აცხადებს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, არანაკლებ შემაშფოთებელია გოგი თოფაძის დღევანდელი განცხადება, რომლითაც მან რესპუბლიკელებს მიმართა.
"დღეს ძალიან შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა გოგი თოფაძემ, როდესაც "რესპუბლიკელებთან" მიმართებაში განაცხადა, რომ თუ ისინი არ გაჩერდებიან და გააგრძელებენ კბენას, მაშინ ისინი პრესას მიაწდიან მასალებს, რომელიც "რესპუბლიკელების" კმაყოფილებას არ გამოიწვევს. ამ ტიპის მენტალიტეტის მქონე ადამიანები არიან ხელისუფლებაში. შეიძლება ყველა არა, მაგრამ თავს ნურავინ დაიმშვიდებს, ვინც თოფაძის მსგავს განცხადებებს არ აკეთებს. იმიტომ, რომ თუ ნებისმიერი პირი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ყველაფერს არ გააკეთებს იმისთვის, ეს სასტიკი დანაშაული და დარტყმა დემოკრატიაზე და არა კონკრეტულ ადამიანზე, დაისაჯოს, მაშინ ისინიც თანამონაწილეები იქნებიან",- ამბობს საია-ს თავმჯდომარე.
ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ვისაც არ უნდა ჰქონდეს კადრების ასლები და ვისაც არ უნდა აეტვირთა ის, ცალსახად პასუხისმგებლობა გამოძიებაზე და დამნაშავეთა დასჯაზე მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.
"სენტიმენტებს ნუ მივეცემით, ყველას კარგად ახსოვს წარსული, მაგრამ ახლა მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ და არ უნდა აიცილოს მომხდარზე პასუხისმგებლობა".
ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ყველაზე მთავარი ამ სიტუაციაში დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნების დაფიქსირებაა, რომელიც ჯერ არ მომხდარა.