ნილს მუიჟნიეკსი: სახალხო დამცველზე სიტყვიერი შეტევები მიუღებელია

 
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუიჟნიეკსმა Front News International-თან ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან სახალხო დამცველის მისამართით  გავრცელებულ განცხადებებზე. მისი თქმით, ომბუდსმენის მისამართით  უარყოფითმა განცხადებებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ინსტიტუტის ეფექტურობას. „საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსებმა ომბუდსმენის მისამართით უარყოფითი განცხადებები გააკეთეს.  შეშფოთებული ვარ იმ ზიანის გამო, რაც მსგავსმა სიტყვებმა  შეიძლება ამ ინსტიტუტის ეფექტურობას მიაყენოს. როგორც ნებისმიერი სხვის, ისე საქართველოს სახალხო დამცველის ამოცანაა დაიცვას ადამიანთა უფლებები, გააკონტროლოს მთავრობის ძალაუფლება და გააუმჯობესოს მმართველობის ხარისხი.  მისი მთავარი ვალდებულებაა იდენტიფიცირება  შესაძლო ხარვეზებისა სამართალში და შემდეგ მათი ასახვა მოხსენებებში", - განაცხადა ნილს მუიჟნიეკსმა.  მუიჟნიეკსი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტზე განხორციელებული სიტყვიერი შეტევები მიუღებელია და მოუწოდებს ყველას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს.   „სახალხო დამცველის ინსტიტუტზე განხორციელებული სიტყვიერი შეტევები მიუღებლად მიმაჩნია. მე მტკიცედ მოვუწოდებ საჯარო დებატების ყველა მონაწილეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სახალხო დამცველის ან მისი აპარატის რეპუტაციას, ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მისი საქმიანობის საჯარო აღქმაზე", - აღნიშნა მუიჟნიეკსმა.