ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი: ოკეანის ზედაპირზე მიმდინარე პროცესები ატმოსფერულ კლიმატს ცვლის

 
კალიფორნიის ქალაქ სანდიეგოს „სკრიფსის“ ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერების აღმოჩენით, ოკეანის ზედაპირის პირველ სამ მეტრში მიმდინარე ქიმიური პროცესები ატმოსფერულ კლიმატზე პირდაპირ გავლენას ახდენს. კერძოდ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტალღის გარდატეხის შედეგად მილიარდობით პატარა ბუშტი წარმოიქმნება და სკდება, ამ დროს მიმდინარე ქიმიური პროცესები კი ატმოსფეროში გარდაიქმნება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ატმოსფეროში ღრუბლების ფორმირებასთან. ინსტიტუტის საზღვაო ლაბორატორიის მკვლევარი დეილ სტოქსი ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი დაბინძურებულია ოკეანე, ეს კლიმატის ცვლილებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. „ჩვენს დეპარტამენტში ოკეანის აკუსტიკასა და ატმოსფეროს ვსწავლობთ. ბოლო ათწლეულის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი აღმოვაჩინეთ - პატარა ბუშტები, რომლებიც ტალღის გარდატეხის შედეგად წარმოიქმნება. როცა ტალღების ხმა გესმით სანაპიროზე, ეს პატარა ბუშტების ხმაა. ისინი სკდომის დროს ხმას გამოსცემენ. ყველა ხმა განსხვავებულია და ეს ბუშტების ზომაზეა დამოკიდებული. აკუსტიკური ტექნოლოგიების გამოუყენებით ამ ხმებს უკვე დიდი ხანია, ვაკვირდებით“ - ამბობს სტოქსი. ოკეანისა და ატმოსფეროს მკვლევრები პროცესებს ერთად სწავლობენ. მათ ლაბორატორიაში ტალღების სიმულაციის შესაქმნელად სპეციალური აკვარიუმი დაამზადეს. „რაც უფრო ვუახლოვდებით ოკეანის ზედაპირს, მით უფრო საინტერესო პროცესები ხდება. ამიტომ ერთ გუნდად დავიწყეთ მუშაობა. დაკვირვების საწარმოებლად იმ პროცესების სიმულირება დაგვჭირდა, რომლებიც ოკეანეში ძალიან მცირე მასშტაბით და ამავდროულად ძალიან სწრაფად ხდება. აღმოვაჩინეთ, რომ მთელი ეკოსისტემა - ბაქტერიები, ვირუსები, ქიმიური პროცესები, რომლებიც ოკეანის ზედა 3 მეტრშია, ამ ბუშტების აფეთქების შედეგად ატმოსფეროში ხვდება. ამდენად, ოკეანეში მიმდინარე ბილოგიური პროცესები ატმოსფეროზე ახდენს გავლენას“ - ამბობს სტოქსი. მისი თქმით, ბუშტების შესწავლა ოკეანეში ხმის გავრცელების პროცესზე მეცნიერებს მნიშვნელოვან ცოდნას მისცემს, რაც საზღვაო ნავიგაციის განვითარებას შეუწყობს ხელს. „გარდა ოკეანის ზედა წყლებისა, მნიშვნელოვანია უშუალოდ „ოკეანის კანი“, რომელიც შესაძლოა, 10-15 ნანომეტრის სისქის იყოს. იგი ჟელესავითაა და ძალიან საინტერესო ქიმიურ ქსოვილს ქმნის. ჩვენ ვცვლით ოკეანის სიმკვრივეს, ნავთობს ვღვრით, ვაბინძურებთ. ვცვლით ამ კომპლექსურ სისტემას. რთული სათქმელია, რა გავლენას მოახდენს ეს ატმოსფეროზე“ - ამბობს სტოქსი. გარდა ზედაპირისა, „სკრიფსის“ ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი ოკეანის ფსკერსაც სწავლობს. განსხვავებით ხმელეთისგან, სატელიტური ფოტოებით ოკეანის ფსკერის შესწავლა შეუძლებელია, რადგან წყალში ხილვადობა დაბალია, ამასთან მზის შუქი სიღრმეში ვერ აღწევს. ამიტომ, ფსკერის შესასწავლად მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგია შექმნეს. „ჩვენ შევქმენით სენსორი, რომელიც ოკეანის ფსკერს მაღალი რეზოლუციის ფოტოებს უღებს. იგი ნავზეა მიმაგრებული, ამიტომ ნავზე დამაგრებული GPS ტექნოლოგია სენსორის ადგილსამყოფელს ინახავს. შედეგად, ჩვენ ფსკერის რუკას ვიღებთ“ - ამბობს სტოქსი. მისი თქმით, ამ ტექნოლოგიის შექმნამდე მეცნიერებს ფსკერზე მილიონობით ფოტოს გადაღება უწევდათ, რაც დიდი მონაცემებს ქმნიდა, რომელთა წაკითხვაც პრობლემური იყო. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, მათ ალგორითმი შექმნეს, რომელიც ვიზუალურ და აკუსტიკურ რუკებს აერთიანებს და ფსკერის ლანდშაფტს აანალიზებს.