ომბუდსმენი: ბრალდებული ფიქრობს, რაც მოხდა, დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და ის მსხვერპლია
დღეს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა. სახალხო დამცველის განცხადებით, დეკანოზი ბრალს არ აღიარებს და ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. დეკანოზი ასევე ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოებას.
სახალხო დამცველის თქმით, არის საკითხები, რომელიც ეხება გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს.
„სახალხო დამცველი იქნება ჩართული, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საქმე. პროცედურული დარღვევები იყო თუნდაც ის, რომ დაკავების დროს არ მიეცა სატელეფონო საუბრის საშუალება, არ განუმარტეს დაკავების მიზეზი და ა.შ. ასევე ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია მის მიმართ, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან”, - განაცახადა უჩა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით მასაც და ბრალდებულსაც აქვთ გარკვეული კითხვები.
„მე არ მეგულება ადამიანი საქართველოში, ვისაც არ ექნება კითხვის ნიშნები ამ საქმესთან დაკავშირებით. ბევრი დეტალი უნდა გაირკვეს, მათ შორის, რატომ მიდის მხოლოდ ერთი მიმართულებით საქმე. მას ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს; საუბრობს იმაზე რომ, ამ საქმეს ეტყობა მომზადების ნიშნები - დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, რაც მოხდა და ის ფიქრობს, რომ არის მსხვერპლი. ვისი მხრიდან არის მსხვერპლი, ამაზე არ საუბრობს. სანამ პროკურატურა საზოგადოებას არ მიაწვდის მეტ ინფორმაციას, კითხვის ნიშნები იარსებებს. რაც პროკურატურამ წარმოადგინა, რაღაცები ლოგიკაში არ ჯდება”, - განაცხადა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენის თქმით, მამა გიორგი მამალაძე ამბობს, რომ ბრალში, რომელიც მას წარედგინა, საერთოდ არ არის საუბარი სასულიერო პირზე და შესაბამისად, მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე. მისი თქმით, დეტალები ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის უცნობია, რადგან დეტალებზე არც თავად ბრალდებულს უსაუბრია.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.