ოპერის თეატრი: უტენდერო შესყიდვისას ფაქტორი ლევან ვასაძე არ ყოფილა

 
ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძე ამბობს, რომ თამარ ვასაძის მაღაზიისთვის შეკვეთის ტენდერის გარეშე მიცემაში მისი ძმის, ლევან ვასაძის ფაქტორი საერთოდ არ ყოფილა.  „ლიბერალთან" საუბრისას  მან აღნიშნა, რომ შესყიდვა კანონიერად მოხდა, რადგან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი არ ვრცელდება „საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე"; მისი თქმით მომსახურების მისაღებად ეს კონკრეტული მაღაზია იმიტომ შეირჩა, რომ დიდი მოცულობის სამუშაო შემჭიდროებულ ვადებში იყო შესასრულებელი.  „ლევან ვასაძე აქ არაფერ შუაში არ ყოფილა. ჩვენ გავაკეთეთ ბაზრის კვლევა და შემჭიდროებული ვადების, სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის, თავად მხატვრის თანხმობის გადაწყვეტილებით ეს გადაწყვეტილება კოლეგიალურად მივიღეთ" - უთხრა მოწონელიძემ „ლიბერალის".  მისი თქმით ეს საკითხი არა მხოლოდ ოპერის თეატრში, არამედ კულტურის სამინისტროშიც განიხილეს. „ეს იყო ეპოქალური გახსნის სცენა, შესაბამისად, მივიღეთ ეს გადწყვეტილება, რადგან სხვა ორგანიზაციებს, რომელთაც მივმართეთ, ამხელა სამუშაოების მოკლე ვადაში წარმოება არ შეეძლოთ. ხელშეკრულება 12 ოქტომბერს დავდეთ, ჩაბარება კი 30 იანვარს მოხდა" - ამბობს თეატრის დირექტორი.  ოპერამ „აბესალომ და ეთერის" სასცენო კოსტიუმების შესაკერად ბიუჯეტიდან 339 250 ლარი დაიხარჯა. „სტუდია მონიტორის" ინფორმაციით, 252 კოსტიუმი ლევან ვასაძის დის, თამარ ვასაძის მაღაზია „სამოსელი პირველმა" შეკერა.  „სტუდია მონიტორის" ინფორმაციით, 339 000 ლარის ხელშეკრულება „სამოსელი პირველთან" ტენდერის გარეშე გაფორმდა. თამარ ვასაძე კომპანია „სამოსელი პირველის" დამფუძნებელი და 85%-ის მფლობელია. „ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნისათვის, მათ შორის სასცენო კოსტიუმების შესაკერად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 644 805 ლარი გამოიყო", - აღნიშნავს „სტუდია მონიტორი".