ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ

 
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „თუ იქნება ნება და მიხვდება ხელისუფლება და ივანიშვილი, რომ ამ კონსტიტუციას არ ექნება ლეგიტიმურობა იმიტომ რომ ეს არის ერთი პარტიის მიერ ხელების გრეხვით შექმნილი და მიღებული, ყველაფრის დაწყება შეიძლება თავიდან. მთავარია ნება, რომელიც არ ეტყობათ“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა. კონფერენციაზე ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციის წინადადებები. „სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გადაიფიქრა და 2024 წლისთვის დაგეგმა რეფორმა, ხოლო 2020 წელს იგივე სისტემა გვექნება. სრულიად მიუღებელია მმართველი გუნდი ეს გადაწყვეტილება. არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს ისეთ დოკუმენტს, მით უმეტეს, როდესაც კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, სადაც არანაირი კომპრომისი არ არის და მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდი იღებს გადაწყვეტილებას“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი