ორი სამოთხე

 
ერთი მხრივ - დანტე ალიგიერი, XIII-ХIV საუკუნის პოეტი, მეორე მხრივ ჯონ მილტონი, XVII საუკუნის პოეტი ფანტასტიკურ საქმეს ემსახურებიან - მიწის შვილებს სამოთხეს გვასწავლიან. არც დანტე და არც მილტონი სამოთხეს იმის გამო არ გვიხსნიან, რომ ჩვენი დიდი იმედი აქვთ, ფიქრობენ, თითქოს ჭკუაზე მოგვაქცევენ ან მორალური თვალსაზრისით გაგვწმენდენ. მათ იციან ამ სამოთხის მნიშვნელობა. დანტემ ეს იცის იმიტომ, რომ მან იცის ჯოჯოხეთის მნიშვნელობა; მილტონმაც იცის სამოთხის მნიშვნელობა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ბრმავდებოდა და ბრმა კაცის მზერით აშკარად უჭვრეტდა ჯოჯოხეთს. მოგეხსენებათ, დანტესთან ორი სამოთხეა. ერთი დედამიწაზე გვხვდება, მიწიერი სამოთხე, მეორე ცაში - ზეციური. მიწიერი სამოთხე ნაწილია სპეციფიკური მთისა, განსაწმენდელი რომ ჰქვია, ან, როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ თარგმნა - სალხინებელი. ესაა მთა, რომელიც იერუსალიმის საპირისპირო მხარეს მდებარეობს, მის მწვერვალზე კი მიწიერი სამოთხეა. ვერგილიუსი უხსნის დანტეს, რომ გზა მთის მწვერვალამდე - ეს არის გზა ბეატრიჩესკენ, ანუ ამქვეყნიური სამოთხისკენ, ხოლო იმისათვის, რომ მწვერვალზე მოხვდეს, ცეცხლის კედლის გავლაა საჭირო. ვერგილიუსი და სტაციუსი გადიან ამ კედელს, ალმოდებულები მიიწევენ წინ, საღამოვდება და დასასვენებლად ჩერდებიან. დანტე იძინებს, გაღვიძებულს კი უკანასკნელი დარიგებითა და გამხნევებით მიმართავს ვერგილიუსი, მოძღვარი, რომელიც მთელი პოემის განმავლობაში გზას უკვალავდა დანტეს. მკითხველი დანტესთან ერთად მიწიერ სამოთხეში აღმოჩნდება. ესაა ჩიტების ჭიკჭიკით გაყრუებული, აყვავებული ჭალა, სადაც დანტე ხედავს მშვენიერ დონას, რომელიც მღერის, ყვავილებს კრეფს და პოეტს უხსნის, რომ აქ ოქროს საუკუნე დგას, იცავენ უმანკოებას, თუმცა ამ ყვავილებსა და ხეხილს შორის ცოდვით დაიღუპა პირველი ადამიანების ბედნიერება. ამის გამგონე დანტე ნეტარად მოღიმარ ვერგილიუსს და სტაციუსს გახედავს. ო, ევა! ფიქრობს დანტე, როგორ მოსპე ეს სამოთხე შენი საქციელით?! პოეტი ამბობს - აქ დაცურავს ცოცხალი ცეცხლის ალები, მათ ქვეშ დაიარებიან მხცოვანი, სპეტაკსამოსიანი მართალნი, მორთულნი ვარდითა და შროშანით, ცეკვავენ ზღაპრული მზეთუნახავები, ვერავინ იჯერებს გულს ამ განსაცვიფრებელი სურათის ხილვით... და, აი, უეცრად, ამ გასაოცარ ხილვაში დანტე ხედავს მას, ვინც უყვარს. გაოგნებული, უნებლიედ იძვრის, ვერგილიუსს სურს მიეკრას, მაგრამ ამ მძიმე მომენტში, ვერგილიუსი - მამა და მხსნელი გაქრა, დანტე მარტო დარჩა ბედისწერის, სიყვარულის, გარდაცვლილი ბეატრიჩეს წინაშე და ატირდა. „ვერგილიუსი არ დაბრუნდება, დანტე, ეს მე ვარ, ბეატრიჩე, შემომხედე და მითხარი, როგორ მოხვდი აქ?“ - ბეატრიჩეს ტონი მკაცრი და მრისხანეა. ამ დროს გაისმის ხმა - „რატომ ხარ ასე მკაცრი ადამიანთან, კაცთან, რომელმაც ცოცხლად გამოაღწია ჯოჯოხეთში, გამოიარა სალხინებელში და შენ სანახავად მოსულა?“ ხმას ბეატრიჩე პასუხობს და სიმკაცრეს იმით ხსნის, რომ დანტემ დანაშაული უნდა აღიაროს, განცხრომის სატყუარამ რომ აცდუნა და უღალატა ბეატრიჩეს. ბეატრიჩეს სიკვდილიდან ათი წელია გასული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დანტეს ღალატი არ ეპატიება. დანტე პასუხის გაცემას ვერ ბედავს, თავს დაბლა ხრის. ბეატრიჩე პოეტს თვალის გასწორებისკენ მოუწოდებს, რა დროსაც იგი გონებას კარგავს. გამოფხიზლებული დანტე მდინარე ლეთეში აღმოჩნდება. ჩვენ კარგად ვიცნობთ ჯოჯოხეთის მდინარეებს. საერთოდაც, ჯოჯოხეთის გეოგრაფია გაცილებით უკეთაა ცნობილი, ვიდრე სამოთხისა. ხშირად ხუმრობენ კიდეც, დანტეს ჯოჯოხეთი უკეთ გამოუვიდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დედამიწა, ჩვენი ცხოვრება, ჯოჯოხეთისთვის გაცილებით მეტ სურათს იძლევა, ვიდრე სამოთხისთვისო. წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჯოჯოხეთი, როგორც პოემის ნაწილი, რამით აღემატება სამოთხეს, მით უმეტეს, განსაწმენდლის ფინალურ აკორდს, რომელშიც მიწიერ სამოთხეზეა საუბარი. აქ, ფანტასტიკური და ზმანებური ამბები ახალ გეოგრაფიას გვასწავლის. ეს არაა მხოლოდ ჭალა, ედემის ბაღი, რომელსაც კაცობრიობის ბავშვობიდან ვიცნობთ. ჯერ ერთი, აქ ვხვდებით ცეცხლის კედელს, შემდეგ კი - ორ მდინარეს. ერთი მდინარე ლეთეა, დავიწყების მდინარე, კარგად ცნობილი ძველი დროიდან; ხოლო მეორე, სრულიად ახალი მდინარეა, რომელსაც დანტე გააჩენს და ამის შემდეგ ეს მდინარე სამოთხეში გვხვდება. ვისაც არ სჯერა, შეამოწმოს. ლეთეს შემთხვევაში უბრალო დავიწყებაზე არაა საუბარი. დანტეს მიხედვით, შევალთ თუ არა ლეთეში, დაგვავიწყდება ყველაფერი ცუდი, რაც კი ჩაგვიდენია, ჩამოგვშორდება ყველა ცოდვა, მაგრამ განწმენდისათვის ეს არ ყოფილა საკმარისი. დანტეს გენიალობის ერთ-ერთი მაგალითი ამაშიცაა, მის აღმოჩენაში - ცოდვათაგან თავისუფლება არ კმარა იმისათვის, რომ ადამიანი ღმერთის ღირსად შეიქნას, საამისოდ ამ ადამიანის კეთილი საქმეების გახსენებაც საჭიროა. ადამიანი ფრიად უცნაური არსებაა. მას ავიწყდება არა მხოლოდ ცუდი, არამედ მის მიერ ჩადენილი კარგი საქციელიც. დანტემ დაიჭირა ეს მომენტი, რომ კეთილი საქმეების გახსენებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ისეთივე, როგორიც ცოდვების დავიწყებას, ამიტომაც ახალი მდინარე - ევნოე გააჩინა. ლეთეში ივიწყებ ცოდვებს, ევნოეში შესვლისთანავე კი გახსენდება ყველაფერი კარგი, რაც გიკეთებია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევნოედან ხელახლა შობილი, სრულიად სპეტაკი გამოდიხარ, მზად ხარ, აფრინდე ცაში და მიაღწიო ვარსკვლავებს. ესაა მიწიერი სამოთხიდან გასვლა, რასაც პირდაპირ მოჰყვება გაცილებით უფრო რთული ფენომენი - ზეციური სამოთხე. „ღვთაებრივ კომედიაში“ ზეციური სამოთხე განსაკუთრებით ვრცლად არის აღწერილი, იმიტომ, რომ დანტე და ბეატრიჩე მოკვდავი გონებისთვის მიუწვდომელი სიმაღლისკენ - მზისკენ აფრინდნენ. აქ იწყება ამ უზარმაზარი სამყაროს გეოგრაფია: პირველი ცა, მეორე, მესამე, მეოთხე... პირველ - მთვარის ცაზე ის ანგელოზები არიან, რომელთაც ვალი მოიხადეს; მეორე - მერკურის ცა არქანგელოზების საწყისია, აქ შეხვდებით რეფორმატორებს, მაგალითად იუსტინიანეს, ან უდანაშაულოდ დასჯილთ, მაგალითად იფიგენიას. მესამე - ვენერას ცა, შეყვარებულთა ადგილი; მეოთხე კი მზის ცაა, ეს დიდი მეცნიერების, ბრძენი ადამიანების წრე გახლავთ, აქ შეხვდებით მეფე სოლომონს, თომა აკვინელს და ა.შ. მეხუთე ცა - მარსისაა, მეექვსე - იუპიტერის, მეშვიდე - სატურნის, მერვე - ვარსკვლავების, მეცხრე - პირველმმოძრავი, ე.წ. კრისტალური ცაა, მეათე ცა კი არის ემპირეა, ანთებული ვარდი და უბრწყინვალესი მდინარე. ამ მდინარის ნაპირებთან ორი ნახევარწრეა - ძველი და ახალი აღთქმის. აქ მკვიდრობენ ღვთისმშობელი, ადამი, პეტრე მოციქული, მოსე, რაქელი, ბეატრიჩე. დანტეს აღწერილი სამოთხის მთელი ამბავი ის არის, რომ საყვარელი ადამიანი ღვთისმშობლის გვერდით დასვა. აი, რა შეუძლიათ პოეტებს, აი, რა შეუძლია სიყვარულს, რომელიც ცასა და ვარსკვლავებს ამოძრავებს. დანტეს სამოთხე სულის მოგზაურობაა უკეთესისკენ - ანგელოზები, ემპირეა, ბოლოს და ბოლოს წმინდა ბერნარდი, თეთროსანი მოხუცი, რომელიც პოეტის მოძღვარი გახდება და დანტეს თავს ქალწულ მარიამს შეავედრებს. ბოლოს მოხუცმა პოეტს ანიშნა ზემოთ აეხედა, სადაც დანტემ ნათელ სამებაში ღმერთი მოიხილა, არ დაბრმავდა და სიყვარულმა მისკენ გააქანა, სიყვარულმა, რომელიც ამოძრავებს ცას და ვარსკვლავებს. ასე ხედავს დანტე სამოთხეს. რაც შეეხება მილტონს; სამოთხესთან დაკავშირებით მან ორი ნაწარმოები დაწერა. ერთს „დაკარგული სამოთხე“ ჰქვია, მეორეს - „დაბრუნებული სამოთხე“. პირდაპირ უნდა ვთქვათ, „დაკარგული სამოთხე“ მნიშვნელობითა და მხატვრული დონით ბევრად აღემატება მეორე ნაწარმოებს. გარკვეულწილად, ეს ბედის ირონიაა, როგორც ჩანს, დაბრუნებული სამოთხე მხოლოდ დანტეს შეუძლია დაინახოს... მილტონი საკმაოდ წარმატებულ ოჯახში დაიბადა. კარგი განათლება მიიღო - ჯერ სახლში, შემდეგ წმინდა პავლეს სკოლაში, ბოლოს კი კემბრიჯის უნივერსიტეტში. სიჭაბუკიდან ჭარმაგობაში გადასვლის დროს ლონდონში დასახლებულმა ძმისშვილებისა და დისშვილების აღზრდას მიჰყო ხელი. ამ თემაზე დაწერა ტრაქტატი - აღზრდის შესახებ. შემდეგ დაქორწინდა და მისი უპრობლემო ცხოვრება ჭეშმარიტ ჯოჯოხეთად იქცა. საერთოდ, ხუმრობენ კიდეც, ცოლმა რომ მიატოვა, მაშინ დაწერა „დაბრუნებული სამოთხეო“. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება. ჯონ მილტონი 1652 წლის თებერვალში დაბრმავდა და დაწერა „დაკარგული სამოთხე“, ქრისტიანული ეპოპეა ღმერთისგან გამდგარი ანგელოზებისა და ადამიანის დაცემის შესახებ. ჰომეროსის ჰეროიკული ეპოპეებისგან ან დანტესგან განსხვავებით, „დაკარგული სამოთხე“ ფანტაზიის საკბილოს არ იძლევა. მილტონი პურიტანი მწერალია. მან აირჩია ბიბლიური სიუჟეტი და გადმოსცა თავისი სიტყვებით. გარდა ამისა, პოემის თითოეული მოქმედი პირი ზეადამიანის სახეობას წარმოადგენს და არ უშვებს არანაირ რეალიზმს. ერთი მხრივ არიან ანგელოზები და დემონები, ადამი და ევა და სხვა მოქმედი პირები, მეორე მხრივ, აქ გვხვდება ღრმად ნაციონალური ტრადიცია, რომელსაც პოეტი არ ღალატობს. პოემაში ძალზე ცოტაა მხატვრული სახეები, ბიბლიური არსებები კი მხოლოდ და მხოლოდ როგორც ალეგორიები, ისე ჩნდებიან. ამ ყველაფრის მიუხედავად, „დაკარგულ სამოთხეს“ ვეებერთელა მნიშვნელობა აქვს - აქ ვხედავთ ზეცისა და ჯოჯოხეთის ბრძოლის ფსიქოლოგიურ სურათს. პოლიტიკური ვნებები, მილტონს რომ აწუხებდა (მოგეხსენებათ, პოეტი სიტყვის თავისუფლების, ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის ფლაგმანი იყო), დაეხმარა შეექმნა სატანის გრანდიოზული პორტრეტი. მილტონის სატანა თავისუფლებისკენ საშინლად არის მიდრეკილი და სწორედ ამ სწრაფვას მიჰყავს ბოროტებამდე. „დაკარგული სამოთხის“ პირველ სიმღერაში ვხედავთ დამარცხებულ სატანას, რომელიც თავისი დაცემით ბედნიერია და აშენებს პანდემონიუმს, საიდანაც დემონებთან ერთად მრისხანედ ემუქრება ზეცას. პოემაც, ძირითადად, სატანის დამარცხებასა და ადამიანთათვის სამოთხის დაკარგვაზეა. დანტე და მილტონი, სამოთხე და სამოთხე ის მაღალი წერტილებია, საიდანაც ჩანს, თუ რა პატარები ვართ ჩვენ, ადამიანები და რა გრანდიოზული სამყარო გველოდება, სამყარო, რომელიც ზრუნავს, რომ უკეთესები ვიყოთ. ბოლოს და ბოლოს, მილტონის „დაკარგული სამოთხის“ წაკითხვისას მკითხველი იმასაც მიხვდება, თუ რა კოსმიური მანძილი გაიარა სატანამ, რომ ჩვენ აღმოვეჩინეთ და ვეცდუნებინეთ; რა უზარმაზარი ძალისხმევა დახარჯა უფალმა მასთან ბრძოლაში და ჩვენ, პატარა ადამიანებს გვიჩნდება ამ დიდებულების განცდა! სამოთხე დანტესთან სიყვარულია, გრძნობა, რომელიც სამყაროს ატრიალებს, მილტონთან კი - სიყვარული, რომელიც ამარცხებს ბოროტებას.