ოზურგეთში „9 აპრილის პარკში“ გზის გაყვანის პროცესის შესაჩერებლად პეტიცია დარეგისტრირდა
ოზურგეთში „9 აპრილის პარკში“ გზის გაყვანის პროცესის შესაჩერებლად მოქალაქეებმა პეტიცია დაარეგისტრირეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ საჯარო სივრცეში სამუშაოები მოსახლეობასთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაიწყო.
„ვფიქრობთ, საჯარო განხილვის გარეშე ქალაქის ცენტრში მდებარე პარკის ტერიტორიის ხარჯზე საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილება გაუმართლებელია. ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, ისეთი საჯარო სივრცეები, როგორიც არის პარკები, სკვერები, გამწვანებული ტერიტორიები და სხვა, არის პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი. გზები, ქუჩები და ტროტუარები სწორედ იქ მისასვლელად გვჭირდება, სადაც ერთმანეთს შევხვდებით და მათ შორის, ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებების გაცვლის შესაძლებლობა მოგვეცემა. ამგვარად საჯარო სივრცე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების აუცილებელი პირობაა. თუ არ გვექნება მოედნები, პარკები და სკვერები, არც ქუჩები და გზები დაგვჭირდება. საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა და საცობებისგან გათავისუფლება არ არის იმდენად ღირებული საზოგადოებრივი სიკეთე, რისთვისაც პარკებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების შემცირება და განადგურება ღირს.
მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღებოდეს მხოლოდ მერის ან თუნდაც საკრებულოს მიერ საჯარო განხილვების და საზოგადოების ჩართულობის გარეშე" - ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა ქალაქის მერი მოქალაქეთა წერილს უაზროს უწოდებს და ამბობს, რომ „ოზურგეთში აღმშენებლობას ვერავინ შეაჩერებს."
ამ საკითხთან დაკავშირებით „ლიბერალი“ დაუკავშირდა ოზურგეთის მერს, ბეგლარ სიორიძეს.
„ჩვენ არ ვიცით ხელმომწერები არიან თუ არა ადგილობრივები, ამას ვარკვევთ. ეს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილება და განხილული იქნა იქ, სადაც საჭირო იყო და დამტკიცებულია იქ, სადაც უნდა დამტკიცებულიყო. პროექტი დამტკიცებულია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოყოფილი აქვს თანხა და ყველაფერი კეთდება პროექტის შესაბამისად. რაღაც უაზრო წერილების წერას, სჯობს ჯერ კარგად გაერკვნენ. ვერავინ შეაჩერებს აღმშენებლობას ოზურგეთში“ - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.