პანდემიის მთავარი კომედიური სერიალის მეორე სეზონი დაიწყო

 
Apple TV+-ზე დაიწყო მეორე სეზონი კომედიური სერიალისა „ტედ ლასო“, რომელიც ინგლისურ საფეხბურთო ლიგაში ამერიკელი მწვრთნელის თავგადასავლების შესახებ გვიამბობს. ამჯერად სერიალში იუმორზე მეტი, ცხოვრებისეული სიბრძნე და უდრეკი ოპტიმიზმია. სერიალის პრემიერა 2020 წელს გაიმართა. „ტედ ლასო“ პანდემიის პერიოდის მთავარ კომედიურ სერიალად მიიჩნევა - ის პრემია „ემის“ 13 ნომინაციაზე წარადგინეს. ამ სერიალის ისტორია „ბორატის“ ტიპის ხულიგნური ხუმრობით დაიწყო. 2013 წელს ამერიკულმა არხმა NBC-მ გადაწყვიტა აშშ-ს ტერიტორიაზე ინგლისის პრემიერლიგის მატჩების ჩვენება და მსახიობ და სცენარისტ ჯეისონ სუდეიკისთან ერთად ვირუსული რეკლამა გამოიგონა - მოკლე ვიდეორგოლები, რომლებშიც ორ ფეხბურთს და ორ კულტურას შორის სხვაობას დასცინოდნენ. ვიდეოების მთავარი გმირი გახდა ტედ ლასო - ულვაშიანი მწვრთნელი კანზასის კოლეჯიდან, გულუბრყვილო, მაგრამ ცნობისმოყვარე ამერიკელი, რომელიც რაღაც სასწაულით ხან „ტოტენჰემის“ ინსტრუქტორი ხდებოდა, ხან ბრიტანეთის დედოფალს ურეკავდა, და ძალიან უცნაურ ინტერვიუებს არიგებდა. ამ სარეკლამო კამპანიამ NBC-ს ორი წლის განმავლობაში YouTube-ზე 20 მილიონი ნახვა მოუტანა. ტედ ლასოს ნამდვილი სერიალის გმირად გადაქცევის იდეა 2015 წელს მსახიობ ოლივია უაილდს გაუჩნდა, რომელიც სუდეიკისის საცოლე იყო (2020 წელს, უკვე პრემიერის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა). 2019 წელს სერვისმა AppleTV+-მ სერიალს მწვანე შუქი აუნთო. შემდეგ იყო სენსაციური პრემიერა, გულშემატკივრების არმია და „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოებული სუდეიკისი კაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. მეორე სეზონის რამდენიმე სერია უკვე ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია.