პაპავა „ოდეერზე": ის არის კანცლერის თანაშემწე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ლადო პაპავას თქმით, უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერს ივა კავსაძეს კანცლერის თანაშემწის თანამდებობა უკავია. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა.
რექტორის განმარტებით, კანცლერის თანაშემწე თუ მრჩეველი ინიშნება კანცლერის გადაწყვეტილებით.
„მე ვთქვი ერთ პიროვნებაზე, რომელიც სტუდენტებმა დაასახელეს და ეს პიროვნება მთელმა უნივერსიტეტმა იცის სტუდენტიდან დაწყებული პროფესორით დამთავრებული. ეს არის კანცლერის თანაშემწე. კანცლერის თანაშემწე თუ მრჩეველი ინიშნება კანცლერის გადაწყვეტილებით“, - აცხადებს ვლადიმერ პაპავა.
ლადო პაპავამ, რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ივა კავსაძე არის „ოდეერი" უნივერსიტეტში.
„ოდეერის ინსტიტუტი ქვეყანაში არსებობს და მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, რომ ასეთი სისტემა არსებობს. მე ეს სისტემა დამხვდა, შემდეგ მოხდა საკადრო ჩანაცვლება. დადგა დრო, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ამ სისტემიდან“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ 8 მარტს, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. (იხ. ვიდეო)
სტუდენტების შეკითხვაზე, არის თუ არა ივა კავსაძე ოდეერი, ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ არის.
- „არის თუ არა კავსაძე ოდეერი? კი ან არა?", - ჰკითხეს პაპავას სტუდენტებმა.
- „რას ცვლის ეს კი ან არა, კი, მერე რა?!", - განაცხადა ლადო პაპავამ.
უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის არსებობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ თსუ-ის სტუდენტა ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელით გაავრცელა.
„უნივერსიტეტში ჩანერგილი უშიშროების თანამშრომელი ივა კავსაძე გიორგი გაფრინდაშვილის (თსუ-ის კანცლერობის კანდიდატი) ჯგუფელი და მეგობარია. უნივერსიტეტის მაღალი თანამდებობის პირები დაშინებულები არიან და მხოლოდ პირად საუბრებში ამბობენ, რომ ივა კავსაძე 2012 წელს დაკავებული იქნა საბაჟოზე გლობალTV-ის აპარატურის შემოტანისას, როცა მან აპარატურა გამიზნულად დააზიანა. ამის შემდეგ ის თსუ-ში აღმოჩნდა „ოდეერად". ეს ყველაფერი კამერების წინაშე კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დაადასტურა უნივერსიტეტის რექტორმა", - წერს კუპრაძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სუს-ის თანამშრომელი არ არის წარმოდგენილი. ასევე, მათი თქმით, ივა კავსაძეც არაა სუს-ის თანამშრომელი.