პარლამენტმა კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია

 
პარლამენტმა 81 ხმით ხმით არც ერთის წინააღმდეგ კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ვადა გიორგი ქადაგიძეს 26 თებერვალს ამოეწურა. საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს ამავე ბანკის საბჭოს წარდგინებით დანიშნავს. კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია Galt and Taggart-ის ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში,  ვაშინგტონში.  კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას,  ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა. კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ის მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.