პირველი ქალი ევროკომისიის სათავეში
უკანასკნელი რამდენიმე თვეა მთელი მსოფლიო აკვირდება გერმანიის ფედერალური კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ოფიციალური შეხვედრების მიმდინარეობისას, ტელეკამერების წინ ანგელა მერკელს უკვე მესამეჯერ ჰქონდა შეტევა. 2018 წლის ოქტომბერში ჰესენისა და ბაიერნის რეგიონალურ არჩევნებზე მისი პარტიის მიერ განცდილი მარცხის შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ქალმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. ანგელა მერკელს უკვე დიდი ხანია განცხადებული აქვს, რომ 2021 წელს მეხუთე ვადით კენჭს აღარ იყრის გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ევროპის ნაკლებად აკადემიურმა, მაგრამ მაღალტირაჟიანმა გამოცემებმა აქტიურად დაიწყეს გამოცდილი და მრავალკრიზისგამოვლილი პოლიტიკოსის ევროპის ახალგაზრდა ლიდერებთან შედარება. მათი დასკვნების მიხედვით, ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნების შემდეგ „გადაღლილ პენსიონერს“ საკუთარ ძლევამოსილებას საბოლოოდ დაუმტკიცებდნენ საფრანგეთის ახალგაზრდა და ამბიციური პრეზიდენტი, ემანულ მაკრონი, ესპანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი და აღმოსავლეთ ევროპის ულტრამემარჯვენე ლიდერები.
16 ივლისის საღამოს საბოლოო წერტილი დაესვა პროცესს, რომელმაც განსაკუთრებულად გაუცრუა იმედი ევროპულ ტაბლოიდურ გამოცემებს. სრულიად მოულოდნელად, ევროკომისიის პრეზიდენტად კანცლერ მერკელის უძველესი და უახლოესი თანამებრძოლი, ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს. გფრ-ის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურთა „გაძლიერებული კვალიფიციური უმრავლესობის“ მხარდაჭერა მოიპოვა („გაძლიერებული კვალიფიციური უმრავლესობა“ გულისხმობს – ევროკავშირის წევრი ქვეყნების 72%-ს, რომლებშიც თანამეგობრობის მოსახლეობის სულ მცირე 65% ცხოვრობს). მოგვიანებით კი, მის გაპრეზიდენტებას ევროპარლამენტის 747 დეპუტატიდან 383 სახალხო წარმომადგენელი მიემხრო. ურსულა ფონ დერ ლეიენმა მხოლოდ 9 ხმით გადააჭარბა თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ, კანონით დადგენილ მინიმალურ ბარიერს. ის ევროკავშირის ისტორიაში კომისიის ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციით (პარლამენტართა შორის) არჩეული პრეზიდენტია. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს: „უმრავლესობა უმრავლესობაა, ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მის პროცენტულ გამოხატულებას“. ანგელა მერკელმა თავისი კაბინეტიდან ერთგული მინისტრი გაუშვა და შედეგად, ევროკავშირის შუაგულში ძალიან საიმედო პარტნიორი შეიძინა. სხვებთან ერთად, სხვების დახმარებით პირველმა ქალმა კანცლერმა ევროკომისიის პირველ ქალ პრეზიდენტს გაუკაფა გზა.
ვინ არის ურსულა ფონ დერ ლეიენი?
ევროკომისია ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი და თანაკანონმდებელი სტრუქტურაა. მისი მეთაური 500 მილიონი მოქალაქის გამაერთიანებელი ორგანიზაციის პირველ პირად მიიჩნევა. შესაბამისად, ბოლო დღეებია ტალინიდან ლისაბონამდე, ლონდონიდან ლიმასოლამდე მთელი ევროპა ურსულა ფონ დერ ლეიენს გამადიდებელი შუშით აკვირდება.
ფონ დერ ლეიენი 60 წლის არის. ოჯახში იგი პირველი პოლიტიკური მოღვაწე არ გახლავთ. ევროკომისიის ახლად არჩეული პრეზიდენტის მამაც ბრიუსელში საქმიანობდა. ერნსტ ალბრეხტი 1950-60-იან წლებში გერმანიას წარმოადგენდა სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურაში, მუშაობდა ევროპული თანამეგობრობის გენერალურ დირექტორად კონკურენციის საკითხებში. სწორედ ამიტომ ურსულა ფონ დერ ლეიენი ბრიუსელში დაიბადა და გაიზარდა, პირველადი განათლება კი ევროპულ გიმნაზიაში მიიღო. პოლიტიკოსი ბრიუსელის სკოლაში გატარებულ წლებს უმადლის იმას, რომ ბავშვობიდან სრულყოფილად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს. ევროპული კარიერის დასრულების შემდეგ ერნსტ ალბრეხტი 14 წლის განმავლობაში სათავეში ედგა ქვემო საქსონიის რეგიონალურ მთავრობას.
ურსულა ფონ დერ ლეიენს საკმაოდ მრავალფეროვანი განათლება აქვს მიღებული. სხვადასხვა დროს ის სწავლობდა არქეოლოგიის, ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტებზე. თუმცა, საბოლოოდ, მან არჩევანი მედიცინის სასარგებლოდ გააკეთა. ის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მქონე ექიმია, რომელიც ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით საქმიანობდა.
ევროკომისიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პირველი პოლიტიკური ნაბიჯები ქვემო საქსონიაში გადადგა. გახლდათ რეგიონის ოჯახის, ქალთა, მოხუცთა და ახალგაზრდულ საკითხთა მინისტრი. 2005 წლიდან იმავე თანამდებობას იკავებდა მერკელის ფედერალურ მთავრობაში, იყო გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრი, 2013 წლიდან კი თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა.
ევროპის კონსერვატიულ წრეებში ყურადღება მიიქცია მისმა ოჯახურმა მდგომარეობამ. ქ-ნი ფონ დერ ლეიენი ხუთ ძმასთან ერთად იზრდებოდა. იგი 1986 წლიდან დაქორწინებულია ჰანოვერის უმაღლესი სკოლის მედიცინის პროფესორ ჰაიკო ფონ დერ ლეიენზე, მათ შვიდი საერთო შვილი ჰყავთ. ოჯახი ყოველთვის გაურბის ბავშვების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, მრავალშვილიანი წყვილის სტატუსის ინსტრუმენტალიზაციას. მედიაში სულ ერთი ოფიციალური ფოტოს მოპოვებაა შესაძლებელი, სადაც მშობლები შვიდ შვილთან ერთად არიან აღბეჭდილნი.
რა იდეებს უჭერს მხარს ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი?
ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვა სამ ენაზე წარმოთქვა. მისი ბოლო შეძახილი იყო „გაუმარჯოს ევროპას!“ (გერმანულად, ფრანგულად და ინგლისურად). დამკვირვებლებმა მისი გამოსვლა ევროპის ერთიანობისკენ მიმართული ღირებულებათა სისტემის გამომხატველ მანიფესტად მიიჩნიეს. შვიდი შვილის დედამ და ექიმმა ყურადღება შემდეგ ძირითად საკითხებზე გაამახვილა:
რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია ახლად არჩეული პრეზიდენტის სანომინაციო სიტყვაში გამოკვეთილი ღირებულებების საფუძველზე?
ურსულა ფონ დერ ლეიენი ქრისტიან-დემოკრატიული თანამეგობრობის ტრადიციულ და პრაგმატულ პოზიციებზე რჩება. ის ცდილობს შექმნას უნივერსალისტური დღის წესრიგი, რომლის საფუძველზეც პროევროპული ძალების ფართო სპექტრს შემოიკრებს ირგვლივ. მან თავისი გამოსვლით გზა მხოლოდ ევროსკეპტიკური ბანაკის მემარჯვენე და მემარცხენე წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის მოიჭრა. გამოსვლაში მრავლად აღმოაჩენდით არა მხოლოდ ფონ დერ ლეიენის უშუალო მხარდამჭერების, ქრისტიან-დემოკრატებისა და ლიბერალების, პროგრამულ დებულებებს, არამედ ადვილად შეამჩნევდით სოციალ-დემოკრატებისა და „მწვანეებისთვის“ დამახასიათებელი პოსტულატების ხაზგასმის მცდელობასაც.
რას ამბობენ ფონ დერ ლეიენის მთავარი მოწინააღმდეგეები?
გერმანელ კანდიდატს ხმა არ მისცა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელთა ნაწილმა. მის წინააღმდეგ წავიდნენ „მწვანეებიც“. პროგრესული პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებს ორი მთავარი არგუმენტი მოჰყავთ ევროპარლამენტის რჩეულის საწინააღმდეგოდ:
მოკლედ, კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ხალხი არჩევნებზე მივიდა, ხმა მისცა კონკრეტულ პარტიებსა და მათ მოწინავე კანდიდატებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ მომავალ პრეზიდენტს მათ მიერ არჩეულ პირებს შორის გამოარჩევდნენ. საბოლოოდ კი, ყველაფერი კულუარებში გადაწყდა, პრეზიდენტი გახდა ადამიანი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ერთწლიანი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. ფონ დერ ლეიენის ოპონენტები ევროკავშირის ერთადერთი პირდაპირ არჩეული სტრუქტურის დასუსტების ტენდენციას აპროტესტებენ.
„ბედნიერების საიდუმლო თავისუფლებაშია“
„ევროპა ხანგრძლივ ქორწინებასავითაა. ალბათ, სიყვარული ისევ ისეთივე დიდია, როგორიც პირველ დღეს იყო. მაგრამ ის უფრო გაღრმავდა... ბედნიერების საიდუმლო თავისუფლებაშია, რომელიც გულადობასა და გამბედაობას მოითხოვს“.
მომავალი ხუთი წელი გამოაჩენს იმას, თუ რამდენად შესწევს ძალა ურსულა ფონ დერ ლეიენს ძველებურად დიდი სიყვარულის გაღრმავებისა და თავისუფლების საშუალებით ბედნიერების მისაღწევად აუცილებელი გამბედაობის გამოვლენისა.
-------------------
ლევან ლორთქიფანიძე - თსუ-ისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შედარებითი პარტიული პოლიტიკის ლექტორი, „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრი