პრემიერი: „გაბალასთან“ მატჩზე მომხდარი ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ იმოქმედებს

 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში საქართველოს დროშის დაწვას გარკვეული ჯგუფის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.  პრემიერის თქმით, „გაბალა“-„დინამოს“ თამაშზე მომხდარი ინციდენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობაზე არ იმოქმედებს. „ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ. როგორც გახსოვთ, შეგზავნილი პროვოკაციული ჯგუფები ჩვენი, ანუ საქართველოს სახელითაც მოქმედებდნენ. ახლა იგივე მოხდა აზერბაიჯანის სახელით. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და ასეთი პროვოკაციები, რა თქმა უნდა, არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს „ნაცების“ მსგავსი პროვოკატორები და ავანტიურისტები, ისე მათაც ჰყავთ – ყველა ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, უნდა ვიფიქროთ მხოლოდ პროგრესსა და განვითარებაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ გუშინდელ მატჩზე მისულ აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე პლაკატები ჰქონდათ გამოფენილი: Burchali is ancient Azerbaijan land („ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა“); ‚Sarvan no Marneuli‘, ‚Bostandere No Rustavi‘ და ‚Choruk Gemerli! No Bolnisi!‘. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.  ასევე აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს და საქართველოს დროშაზე ფეხით დადგნენ. გავრცელდა შესაბამისი ფოტოებიც. აღნიშნულ ფაქტს აზერბაიჯანელი გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, „დინამო თბილისი“-„გაბალას“ თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი წარწერით - „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921“ გამოფინეს.