პრემიერი: მშპ-ში განათლების სექტორის წილი ორნიშნა რიცხვი უნდა იყოს

 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობა განათლების სისტემის რეფორმირებას გეგმავს. ცვლილებებთან ერთად, პრემიერის აზრით საჭიროა, ამ სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში მინიმუმ ორნიშნა რიცხვი ჰქონდეს. პრემიერის თქმით, განათლების სექტორში რეფორმირების პირველი ფაზის დაწყება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. „ჩვენ გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება. ეს გახლავთ ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა შორის. ეს იქნება ჩემი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა“, - განაცხადა პრემიერმა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორმა 5%-ზე ნაკლები დაიკავა.