პრემიერი მუხთარლის საქმეზე: გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არასამთავრობო სექტორის წუხილი და ნაადრევი დასკვნების გამოტანა მიუღებელია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ. თუ ჩვენ შევუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა. ნდობა ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის არის ის, რასაც ემყარება ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, წინასწარი დასკვნებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შევიკავოთ.
სამართალდამცავებს, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, ამ საკითხის გამოსაძიებლად, რათა ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ადამიანის უფლებები არ არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები - თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს“, - განაცხადა პრემიერმა