პრემიერი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე: ოპოზიციისა და NGO-ების ბოიკოტი არის უსამართლო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა. პრემიერმა საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებით ბალანსდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის. პრემიერმა ასევე უსამართლო უწოდა ოპოზიციის ბოიკოტს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ ოპოზიცია ცდილობს კონსოლიდირებას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის, რათა დაუპირისპირდნენ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის არგუმენტებს მოკლებული, უფრო მეტიც, უსამართლო, ამიტომ მე მინდა მივმართო ჩვენ საზოგადოებას და ვთხოვო მათ, კარგად გაიზრონ ამ მიღწევების აზრი.
საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება, მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის. პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები. იზრდება ადამიანის საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი. აღნიშნული ცვლილებებით კონსტიტუციით რეგულირდება უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით განსაკუთრებულ შემთხვევებში“.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუციით იზრდება სოციალური პასხუსიმგებლობა, შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი და მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხი. კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ ის, რაზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი.
„კონსესუსის მიღწევის მიზნით 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი, შეთანხმება ვერ მოხდა ერთ საკითხზე, პორპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე, აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ჩვენს ხელისუფლებაში“,- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწია.