პრემიერი: საკოორდინაციო ერთეული მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნება

 
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამინისტროებისა და სააგენტოების მიერ პროექტების შესრულების მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი ახალი სამსახურის ჩამოყალიბების შესახებ განმარტება გააკეთა.  „არავითარ შემთხვევაში ეს ერთეული არ იქნება პოლიტიკის შემქმნელი და არანაირი დუბლირება სამინისტროებსა და ამ ერთეულს შორის არ იქნება. საუბარია მხოლოდ მაკოორდინირებელ სტრუქტურაზე, რათა სწრაფი რეაგირება მოხდეს სამინისტროებში შესულ განაცხადებზე, ეკონომიკისთვის დაჩქარდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და გაცილებით ეფექტიანი გახდეს მთლიანად მთავრობის მუშაობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კვირიკაშვილმა განმარტა, რომ საკოორდინაციო ერთეულის შექმნა შტატების ზრდას არ გამოიწვევს. მისი შეფასებით, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის შემმუშავებლები და განმახორციელებლები სამინისტროები და მინისტრები იქნებიან.