პრემიერი: უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების პროცედურა უნდა გამარტივდეს

 
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უცხოეთში გარდაცვილილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენება ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე უნდა ხდებოდეს. მისი განმარტებით, უცხოეთში გარდაცვლილი მოქალაქეების გადმოსვენების საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილება ხოლმე, ხოლო თუ გარდაცვლილის ახლობელმა შესაბამისი უწყებისადმი მიმართვის არხი ვერ მონახა, „გვამი უცხოეთში თვეობით ინახება“. „მათი ახლობლები მოგვმართავენ ხოლმე, თუ ვინმე ნაცნობს ან კონტაქტს მონახავენ მთავრობაში. ამ შემთხვევაში ისინი ამა თუ იმ გზას ნახულობენ და შემდეგ გადმოსვენების საკითხს მთავრობის სხდომაზე ვიხილავთ. ასევე პრობლემაა ის, რომ ვინც ესა თუ ის არხი ვერ მონახა,სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვამი უცხოეთში თვეობით ინახება. მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ და მთავრობის სხდომაზე აღარ გავხადოთ ამ საკითხის განხილვა საჭირო, არამედ ეს ავტომატურ პროცესად ვაქციოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მან სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძეს აღნიშნული ინიციატისივთვის მადლობა გადაუხადა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა „ამ პროცედურის მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე“ ორგანიზება. „ყველა ჩვენი თანამემამულე, ვინც მოგვმართავს, უზრუნველყოთ დაფინანსებით და დახმარებით, რათა გადმოსვენება საქართველოში დროულად მოხდეს. ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციით, არაერთი ჩვენი თანამოქალაქეა გარდაცვლილი და უცხოეთში მაცივრებში ინახებიან. არ მინდოდა ეს სიტყვა მეხმარა, მაგრამ მართლაც ჩვენი ღირსების საკითხია, მივხედოთ ამ ოჯახებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.