პრეზიდენტი მუხთარლის საქმეზე: ეს იგივეა, ბავშვს რომ ფოკუსს გაუკეთებენ

 
„რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა ეს ადამიანი. მთელ საზოგადოებას ბავშვურ ფოკუსს აჩვენებ. ვზივართ და უნდა მოვიფიქროთ, როგორ ხდება ასეთი რამ, რომ ადამიანი „ა“ პუნქტში ქრება, „ბ“ პუნქტში ჩნდება. ეს იგივეა, ბავშვს რომ ფოკუსს გაუკეთებენ",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტი ამბობს, რომ არ იცის, ვის უნდა ჰკითხოს, კოპერფილდს თუ ვადაჭკორიას, როგორ შეიძლება მოხდეს „ა“ პუნქტიდან ადამიანის გაქრობა და „ბ“ პუნქტში გაჩენა. მისი შეფასებით, ამ ამბით ქვეყნის იმიჯი შეილახა. „თურმე მშვიდად უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ამით სახელმწიფოს იმიჯი ილახება. როდესაც გენერალური აუდიტორი გეუბნება, რომ მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაესხნენ თავს, აქ „ვიდეოკასეტებით“ ომი კი არ უნდა იყოს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.