პრეზიდენტი მზადაა, გამონაკლისის წესით, მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მოქალაქეობა მიანიჭოს

 
„პრეზიდენტის დავალებით დავუკავშირდები ჟურნალისტის ოჯახს და მათი სურვილის და მომართვის შემთხვევაში, დავიწყებთ პროცედურებს. საგამონაკლისო წესით, უსწრაფეს ვადაში პრეზიდენტი მათ მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, გიორგი მარგველაშვილს პრემიერის ინიციატივა მოეწონა.  გუშინ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს სთხოვს, გამონაკლისის სახით, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა.  „მინდა დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით. ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.  თუმცა როგორც გუშინ ჟურნალისტებს ლეილა მუსტაფაევამ განუცხადა, ის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს. მისი თქმით, ერთი წლის წინ ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრეს იმ არგუმენტით, რომ სახიფათო საქმიანობით იყო დაკავებული.  „საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ დავთანხმდები. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეობაზე უნდა ვთქვა უარი, რაც არ მინდა. მე ერთი წლის წინ მოვითხოვე ბინადრობის ნებართვა და მაშინ მითხრეს, თქვენ სახიფათო საქმეებით ხართ დაკავებულიო, - უარი მითხრეს. ახლა რამე შეიცვალა? აღარ ვარ საშიში? დიდი თხოვნა მაქვს, რომ ჟურნალისტის გატაცების საქმიდან შოუს ნუ დადგამენ. უმჯობესია, სამართლამდამცავებმა საქმე სათანადოდ გამოიძიონ. დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია, რა ეტაპზეა გამოძიება" - ამბობს მუსტაფაევა.  ლეილა მუსტაფაევა პრემიერის განცხადებაზე: საქართველოს მოქალაქეობის მიღება არ მინდა