პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად საგანგებო სესიის მოწვევაზე უარს ამბობს

 
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის ცვლილების პროექტის განსახილველად საგანგებო სესიის მოწვევის შესახებ პარლამენტის წერილს უარით პასუხობს. მარგველაშვილის თქმით, მოქმედი კონსტიტუციით, ამ სესიის მოწვევა მაინც არის შესაძლებელი, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ დეპუტატები დაჩქარებული წესით არ მიიღებენ შეუთანხმებელ ცვლილებებს და გაითვალისწინებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ უმრავლესობის პროექტი არის უარი პროპორციულ სისტემაზე და ცვლილებების ეს ვერსია თვისობრივად ცვლის იმ შემოთავაზებულ პროექტს კონსტიტუციის რეფორმისა, რომელიც განიხილა ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც განიხილა ვენეციის კომისიამ. „მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება მიიღებდა კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებსა და უფლებებს. ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას“ - თქვა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს დაჩქარებული წესით ცვლილებები. „მე მოვუწოდებ პარლამენტს... დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია. შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსესუსზე, და რომელიც იქნება დაფუძნებული ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული უაღრესად დაჩქარებულ რეჟიმში“ - თქვა პრეზიდენტმა.