პრეზიდენტი: ყველაზე ნიშანდობლივია გვენეტაძის განცხადება, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო
„უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება განსაკუთრებით რთული ხდება, თუ თვალს მივადევნებთ იმ მოვლენებს, რაც ამ გადაწყვეტილებას უსწრებდა წინ. არაერთი მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, უსვამდა ხაზს იმ მძიმე ვითარებას, რაც სასამართლო სისტემაშია“,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.
მისი თქმით, ყველაზე ნიშანდობლივია, როცა ქვეყნის პირველი მოსამართლე აცხადებდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. პრეზიდენტი სურვილს გამოთქვამს, ეს გადადგომა სასამართლოს გაჯანსაღებისთვის გამოიყენონ.
„მინდა, რომ ეს გადადგომა არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება უდიდესი გამოწვევაა. ამ გამოწვევას ან ვუპასუხებთ, ან იმ მანკიერ წრეზე დავრჩებით, რომელსაც არაერთხელ შეუქმნია მნიშნველოვანი პრობლემები ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად ფართო კონსულტაციებს ორშაბათიდან დაიწყებს.
რაც შეეხება ნინო გვენეტაძის განმარტებას, რომ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს თანამდებობას, პრეზიდენტი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი კომპეტენცია არ არის და მას მხოლოდ სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეუძლია საუბარი.
„სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შემიძლია მოგახსენოთ, რომ სასამართლო სისტემაში არის სერიოზული პრობლემები და ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, ამას ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, იურისტები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ნინო გვენეტაძის გადაწყვეტლებაზე კომენტირებას არ ვაპირებ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობა დაასახელა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა
გვენეტაძის გადაწყვეტილებას თეა წულუკიანმა სიურპრიზი უწოდა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მედიით შეიტყო.
თეა წულუკიანი გვენეტაძის გადადგომაზე: დღეს სიურპრიზად შევიტყვე ეს გადაწყვეტილება
„აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს, მით უმეტეს ციანიდის საქმეს. არ მგონია, რომ ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაა, მასთან სატელეფონო კონტაქტი არ მქონია. დღეს სიურპრიზად მედიასაშუალებით შევიტყვე მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ. აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადამიანურად მოვიკითხავ. სხვა ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.