პრეზიდენტის რეზიდენციაში ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას 1 199 558 ლარი მოხმარდა

 
„საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის  სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი", ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.  „სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას. კომისიის თანხმობით სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული ნივთი, მათ შორის:  10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა; ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის  ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი - 59 000 აშშ დოლარი; ოთხ ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში 133 410 აშშ დოლარი / 391 112 ლარი დაიხარჯა; შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის,  ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ  ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად - ირანული მამლის ფიგურების წყვილი,  3 წყვილი შანდალი - თითოეულის ფასი  3000 დან 8000 აშშ დოლარამდე,  3 ბუხრის საათი - თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა - თითოეულის საწყისი  ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა; შესყიდულ  ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული -  ფრანგული, 6 ერთეული - რუსული,  3 ერთეული ირანული, ხოლო  2 ერთეული - შუა აზიური; პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი); შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს,  38 ტორშერიდან თითოეულის ფასი -  300-დან 4 000 ლარამდე,  49 ბრიდან - თითოეულის ფასი - 700- დან  2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან - თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე,  7 ნათურა - თითოეულის ფასი 41,9 ევრო“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ  გავრცელებულ კვლევაში.