პროფკავშირები სს "მინის" ადმინისტრაციას წერილით მიმართავს

 
პროფესიული კავშირების გაერთიანება სს "მინის" ადმინისტრაციას წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "დღეს სს "მინაში" გაფიცვის მე 15 დღეა. გაფიცვის პარალელურად ქარხნის ადმინისტრაციასა და მუშებს შორის გრძელდება მოლაპარაკებები, ისე როგორც ამას კანონი მოითხოვს. დავის გადაჭრის და მედიაციის პროცესში მონაწილეობენ სახელმწიფოს წარმომადგენლები, რაც შრომითი კონფლიქტის დასრულების პერსპექტივებს ამყარებს. აღნიშნულ სიტუაციაში, შრომითი კოლექტივისთვის ცნობილი გახდა თურქეთიდან, ადმინისტრაციის მიერ 4 თურქეთის მოქალაქის ჩამოყვანის შესახებ, რომლებსაც დროებით ქართველ მშრომელებს ჩაანაცვლებს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი და მისი წევრი, ქსნის მინის ქარხნის ტარის ქარხნის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, მივიჩნევთ, ადმინისტრაციის აღნიშნული ნაბიჯს, მიმდინარე შრომითი დავის მედიაციის პროცესში დესტრუქციის შეტანის მცდელობად. ამავდროულად, ადმინისტრაციის აღნიშნული ქმედება თურქ და ქართველ მშრომელებს, ასევე საქართველოს და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე საზიანოდ იმოქმედებს. შტრეიკბრეხერებით, მით უმეტეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოყენებით გაფიცვის დასუსტება, არც ერთ ქვეყანაში არ ითვლება ცივილიზებულ მოქმედებად და მხოლოდ კონტრპროდუქტიულია იმ მცდელობების, რომელსაც სახელმწიფო და შრომითი კოლექტივი ახორციელებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაააქტიუროს მოქმედებები, განსაკუთრებით ახალი რეალობის გათვალისწინებით, რათა არ მოხდეს დაძაბული მდგომარეობის კიდევ უფრო ესკალაცია. მოვითხოვთ სს "მინის" ადმინისტრაციამ გაიყვანოს შტრეიკბრეხერები ქარხნიდან და ყურადღება სრულად დაუთმოს დავის მოგვარებას და არა ასეთი პროვოკაციული ნაბიჯებით მდგომარეობის დამძიმებას", - წერია განცხადებაში. ქსანში, სააქციო საზოგადოება „მინის“ 170-მდე თანამშრომელი ორი კვირის წინ გაიფიცა. გაფიცულებს სამი მოთხოვნა აქვთ: ხელფასის 30%-ით მომატება, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების უფლების მიცემა ადგილობრივ და დარგობრივ პროფკავშირებთან და ადგილობრივი პროფკავშირებისთვის საწარმოს ტერიტორიაზე საოფისე ფართის გამოყოფა.