პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, ტყის მცველი დააკავა
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, ტყის მცველი დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულის სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილმა ხე-ტყემ გარემოს 287 200 ლარის ზიანი მიაყენა.
პროკურატურის ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის N2 სამცველოს ყოფილი ტყის მცველი, ბ.ნ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. ის 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე სიონის სატყეო უბნის დარბაზის N2 სამცველოს ტყის მცველად მუშაობდა და ევალებოდა მასზე ჩაბარებული ტყის დაცვა, თუმცა დაკავებულმა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რის გამოც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.