პროკურატურამ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე პირს ბრალი წარუდგინა

 
პროკურატურამ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე პირს ბრალი წაუყენა, - ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის  მიმართ  სასტიკი მოპყრობის ორ ფაქტზე  რ. მ.-ს წარუდგინა ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017  წლის 25 და 27  ივნისს,  რ. მ.-მ ქალაქ  რუსთავში, გ.თ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის წინ არსებულ შემოღობილ ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის   ცხოველები - ლეკვები პნევმატური იარაღით  დაჭრა, რასაც ერთი ცხოველის  სიკვდილი მოჰყვა.   პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და რ.მ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3000  ლარის ოდენობით  გირაოს შეფარდებას მოითხოვს. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს  ვადით ერთ წლამდე", – ნათქვამია განცხადებაში.