ქალები პოლიტიკურ პარტიებში - მითების მსხვრევა

 
„ქალები პარტიებში - მითების დეკონსტრუქცია"  -  კვლევა საქართველოს საპარლამენტო პარტიების - „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევ­როპული საქართველოს“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მართვის მაღალი და საშუალო რგოლის  წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა. კვლევაში ასევე აღწერილია პოლიტიკური პარტიების ქალი წევრებისა და აქტივისტების პირადი გამოცდილება. კვლევის მთავარი მიგნებაა, რომ გენდერული უთანასწორობა საქართველოს პოლიტიკაში ეფუძნება პოლიტიკურ და პარტიულ რეალობასთან დაკავშირებულ მითებს და გამყარებულია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გზაზე შექმნილი ხელოვნური ბარიერებით. კვლევა 2017 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდს მოიცავს.  „კვლევის ანგარიშის გამოქვეყნება ემთხვევა საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. იმედი გვაქვს,  კვლევის მიგნებები და დასკვნა ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატთა დაბალანსებული სიების შედგენაში, სადაც კაცებსა და ქალებს მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში, ხოლო პოლიტიკური პარტიების როლი ამ საკითხში უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა კვლევის წარდგენისას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა.  მოკვლევამ აჩვენა, რომ კაცების პრივილეგირებული მდგომარეობა პოლიტიკურ პარტიებში ქალთა შედარებით დაბალი მონაწილეობის მთავარი მიზეზია. სოციალური მითები და კლიშეები - ქალების არასაკმარისი განათლების, კონფლიქტების შიშისა და დაბალი კომპეტენციის შესახებ  ზღუდავს მათი დაწინაურების შესაძლებლობას შიდა პარტიულ იერარქიაში. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გზაზე შექმნილი ბარიერების მოშლის წინაპირობა სწორედ ასეთი მითების მსხვრევაა. კვლევის ფარგლებში წარმოებული ინტერვიუების შედეგად ირკვევა, რომ  ქალების მონაწილეობა პარტიულ ცხოვრებაში მეტწილად შემოიფარგლება აგიტაციითა და პარტიული აქტივიზმით. კვლევაში მითითებულია, რომ მოტივირებული, განათლებული და კრიტიკულად მოაზროვნე ქალები მიიჩნევენ, რომ მათი წვლილი არასათანადოდაა დაფასებული.  კვლევის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს პოლიტიკური პარტიებისათვის კანდიდატთა სიების შედგენისა და საქართველოს პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მიღწევის სფეროში.